პოლიტიკა

ცხინვალი რუსეთთან უფრო მეტად ინტეგრირდება – პუტინმა დოკუმენტი დუმაში წარადგინა

Netgazeti.ge წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის წარადგინა შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს [დე ფაქტო – რედ.] შორის „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.

შეთანხმება, რომელსაც ხელი გასულ შაბათს მოაწერეს ვლადიმირ პუტინმა და ალან გაგლოევმა, ოფიციალური განმარტებით, “მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში კოორდინაციის გაძლიერებას”.

ამასთან, პროექტის მიხედვით, შეთანხმება ითვალისწინებს “სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების განვითარებას, ასევე სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას”.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს “ერთიანი ეკონომიკური სივრცის ეტაპობრივ ფორმირებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიანი წესრიგის დანერგვას”.

გარდა ამისა, მხარეები გეგმავენ ენერგეტიკული (მათ შორის გაზსადენების), სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციას, ასევე თანამშრომლობის გაფართოებას შრომის, სოციალური და კულტურული მიმართულებებით.

პუტინმა ამ საკითხზე თავის ოფიციალურ წარმომადგენლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ალიმოვი დანიშნა, რომელიც დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესს სახელმწიფო დუმაში წარადგენს.

“აღნიშნული შეთანხმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს ახალ დონეზე აჰყავს და უფრო ღრმა ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს სამხრეთ ოსეთს, უფრო მყარად დაეყრდნოს რუსეთის მხარდაჭერას, რადგან რუსეთი თავის ვალდებულებებს სრულად ასრულებს. მისი თქმით, სწორედ ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავება არის ის ფაქტორი, რომელიც ურთიერთგაგებასა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს”, – ამის შესახებ რუსულ სამთავრობო „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიზისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური პროცესების კათედრის გამგემ ანდრეი კოშკინმა.

კოშკინმა ასევე შეაფასა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის განცხადება, რომლის მიხედვითაც შეთანხმება განიხილება „ოსი ხალხის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად“. ექსპერტის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ დოკუმენტი ქმნიდეს სამართლებრივ საფუძველს მომავალში “რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო ინტეგრაციისთვის”.

ნახეთ მეტი
Back to top button