ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევისათვის სასჯელი 15 წლამდე გაიზრდება

სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 65-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8-მა თავი შეიკავა.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორია მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატი ჰაიკ სარგსიანი.
კერძოდ, ნარკოტიკების წარმოების, მომზადების, დამუშავების, შეძენის, შენახვის, ტრანსპორტირების, მიწოდების, გავრცელების, რეკლამირებისა და გაყიდვის შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, დამნაშავეებს ემუქრებათ 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, წინა 3-6 წლის ნაცვლად.
გარდა ამისა, არასრულწლოვნის მონაწილეობით ან არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი იგივე დანაშაულის შემთხვევაში, შემოთავაზებულია უფრო მკაცრი სასჯელის – 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დაწესება.
ასევე გამკაცრდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარეების პირადი მიზნებისთვის მოყვანისთვის. კერძოდ, საშუალო ხელფასის ათმაგი ოდენობის ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებული იქნება საშუალო ხელფასის ოცმაგი ოდენობის ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (ადრე გათვალისწინებული 1 წლის ნაცვლად).







