მთავარიპოლიტიკა

სომხეთის არჩევნებს არ უნდა შეუქმნას საფრთხე უცხოური ჩარევით – ესსა-ს  დელეგაცია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ესსა) წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელიც ერევანში ორდღიანი ვიზიტით 11-12 მაისს იმყოფებოდა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში 2026 წლის 7 ივნისს გასამართი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს შიშის, არასათანადო გარე გავლენისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან თავისუფალ გარემოში. Armenpress-ის ცნობით, სომხეთში ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ, კერძოდ, შეშფოთება გამოთქვა სომხეთის პოლიტიკურ და საინფორმაციო სფეროში მოქმედი გარე ჩარევის სულ უფრო რთული და სისტემური ხასიათის გამო.

 თავის განცხადებაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ასევე მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა გარე ჩარევისგან თავის დასაცავად და უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა მონაწილისთვის.

 „დელეგაციამ გაიგო, რომ გარე ჩარევა ტრადიციული დეზინფორმაციის ფარგლებს გასცდა და ამჟამად უკანონო პოლიტიკურ დაფინანსებას, კიბერშეტევებს, ეკონომიკურ იძულებას და საარჩევნო პროცესის მანიპულირების პირდაპირ მცდელობებს მოიცავს. ეს ჰიბრიდული ტაქტიკა არა მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, არამედ სომხეთზე გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ბერკეტების უზრუნველყოფასაც ისახავს მიზნად. დელეგაციას აცნობეს რუსეთის პრეზიდენტის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი და აშკარა თხოვნების შესახებ, ხელი შეეწყო რუსეთიდან სომხური დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის პროცესში და იმ ფინანსური წახალისების შესახებ, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია დიასპორის ამ სეგმენტს სთავაზობს სომხეთში არჩევნების დღეს ხმის მიცემისა და მისი მონახულების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა უწყვეტი და ადაპტირებადი საფრთხეა, რომელიც არჩევნების პერიოდსფარგლებს  სცდება. „დელეგაციამ ასევე აღნიშნა ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის მიერ მმართველი პარტიისთვის გაცხადებული  მხარდაჭერის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში დელეგაცია მიესალმა სომხეთის სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოს არასათანადო გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დელეგაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, სააგენტოთაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა. წინასაარჩევნო გარემოს უფრო ფართო განხილვისას, დელეგაციამ ასევე გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დეზინფორმაციის ზრდის გამო. „უცხოელ აგენტებად“ შერაცხვის ასეთი ისტორიები ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას და ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button