
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ აქვს ინფორმაცია უახლოეს დღეებში თურქეთის მიერ სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნის შესახებ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან გაუხარდება, თუ ეს მოხდება.
Armenpress-ის ცნობით, ფაშინიანმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა გამოეხმაურა რა დაკვირვებას იმის შესახებ, რომ თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უახლოეს დღეებში სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის თაობაზე.
„პირდაპირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი რამ ხდება, მე ძალიან გამიხარდება. ასევე შევნიშნე, რომ ოპოზიციის გარკვეული წრეები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით შიშის ატმოსფეროს ავრცელებენ. მათი ნათქვამიდან გამოდის, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს სიკეთეც კი გაუკეთებიათ ჩვენთვის საზღვრის ჩაკეტვით. მაშინ როცა, 30 წლის განმავლობაში სომხეთი საერთაშორისო პლატფორმებზე ჩიოდა, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ის ბლოკადაში მოაქციეს.
გულწრფელად გეუბნებით, საზღვრის გახსნის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს და ძალიან კარგი იქნება, თუ ეს მოხდება და მოხდება ლოგიკურად. როდესაც ეს მოხდება, მე ამას მივესალმები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამას სომხეთზე მხოლოდ დადებითი გავლენა ექნება.
სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი 2022 წლიდან დაიწყეს და ნორმალიზების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს. სომხეთის წარმომადგენელია ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი, ხოლო თურქეთის – აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ ქილიჩი. სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლების რამდენიმე შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის შესახებ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, თუმცა ეს შეთანხმება ამ დრომდე არ განხორციელებულა.







