კულტურა

სომხეთი „ევროპული არქეოლოგიის დღეებს“ უმასპინძლებს

სომხეთში 12-14 ივნისს გაიმართება  ღონისძიება „ევროპული არქეოლოგიის დღეები“.  როგორც „არმენპრესს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროდან აცნობეს, სამდღიანი ღონისძიებები სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე, ნაკრძალ-მუზეუმებში, მუზეუმებსა და სხვა კულტურულ ადგილებში გაიმართება.

ღონისძიებას სომხეთში არქეოლოგიით დაკავებული არაერთი ორგანიზაცია შეუერთდა: სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სომხეთის ისტორიის მუზეუმი, ლორი-პამბაკის, დილიჟანის, ეღეგნაძორის გეოლოგიური მუზეუმები და ერევნის ისტორიის მუზეუმი. ღონისძიებები განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და არქეოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის.

სომხეთი „ევროპული არქეოლოგიის დღეების“ ღონისძიებაში მე-4 წელია მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს არქეოლოგიის სფეროს, დაათვალიეროს გათხრების ადგილები, არქეოლოგიური კვლევის ცენტრები. ეწყობა შეხვედრები არქეოლოგებთან და არქეოლოგიური აღმოჩენების რესტავრატორებთან, იმართება არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება (გათხრები, გამოფენები, კურსები, ლაშქრობები და ა.შ.).

2010 წლიდან საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ „ევროპული არქეოლოგიის დღეების“ ღონისძიებების კოორდინაცია და პოპულარიზაცია პრევენციული არქეოლოგიური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტს (Inrap) დაავალა.

ნახეთ მეტი
Back to top button