საზოგადოება

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სომხეთში ევროკავშირის მიმართ ზოგადად დადებით დამოკიდებულებას აჩვენებს

2026 წელს სომხეთში ჩატარებული ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ ზოგადად დადებითი რჩება: გამოკითხულთა 72% ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს კარგს უწოდებს, ხოლო 56% ევროკავშირს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა საერთაშორისო აქტორს.

„Armenpress“-ის ცნობით, ამის შესახებ „EUNEIGHBOURS east“ პროექტმა განაცხადა. გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის თებერვალ-მარტში, პირისპირ ინტერვიუების გზით, 1000 ადამიანის წარმომადგენლობით ნიმუშზე.

ყოველწლიურ გამოკითხვებს EUIGHBOURS east პროექტი სომხეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში 2016 წლიდან ატარებს. წლევანდელმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მოქალაქეების 45%-ს ევროკავშირის მიმართ დადებითი აღქმა აქვს, 30%-ს კი ნეიტრალური, 14%-ს არ აქვს აზრი და მხოლოდ 11%-ი უარყოფითადაა განწყობილი.

ეკონომიკური განვითარება (43%) და უსაფრთხოება (32%) არის ძირითადი სფეროები, რომელთა მხარდაჭერაც რესპონდენტებს ევროკავშირის მიმართ უფრო პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა. ევროკავშირი აღიარებულია, როგორც მთავარი ფინანსური მხარდამჭერი, რადგან რესპონდენტთა 75%-მა იცის ევროკავშირის მიერ სომხეთის მხარდაჭერის შესახებ, თუმცა ამ მხარდაჭერის აღქმა ბუნდოვანია. 61% ევროკავშირის მხარდაჭერას მაღალ ან საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 17% ასახელებს ევროკავშირს უმსხვილეს დონორად. სომხები ისურვებდნენ, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი შეასრულოს ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაში (25%), განათლებასა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლაში (23%), ასევე სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში (19%).

ნახეთ მეტი
Back to top button