ეს ის ხალხია, პატივცემულო თურქებო და აზერბაიჯანელებო, გუშინ რომ ამასხარავებდით და მსოფლიოს ნახევარი მხოლოდ თქვენი გეგონათ – ლევან ცალუღელაშვილი

დღეს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია თურქეთისაკენ და მსოფლოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს რითიმე დახმარების ხელი გაუწოდოს სტიქიისაგან დაზარალებულ თურქეთის მოქალაქეებს, ალბათ არავის არ გაუკვირდება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მაშველების გმირობა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში ცდილობენ ისინი რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გამოგლიჯონ სტიქიას.
მაგრამ, ჟურნალისტის, იურისტის ლევან ცალუღელაშვილის თვალით მაინც სხვანაირად იქნა დანახული მაშველები და განსაკუთრებით …სომხეთიდან ჩასული მაშველები. Progressnews.press-ის ფურცელზე გამოქვეყნებულ თავის სტატიაში ლევან ცალუღელაშვილი წერს:
“კარგად დაიმახსოვრონ თურქებმაც და აზერბაიჯანელებმაც ეს ფოტო.
იმედია, საამისო მეხსიერება ეყოფათ და ხვალ ისევ ქრისტიანულ ტაძრებს გუმბათებს არ მოხსნიან, ორნამენტებს, ხაჩკარებს და საფლავებს არ შეურაცხყოფენ. თანაც იმ დონეზე რომ საფლავის პატრონები იძულებულნი გახადეს, თავიანთი მიცვალებულების ძვლები ამოეთხარათ და ყარაბაღის დატოვების დროს, დევნილებს თან წაეღოთ.
რას მიქვია, ომი სხვაა და სტიქია – სხვა. ომში დაღუპული და სტიქიის შედეგად დაღუპული არაფრით განსხვავდება შესახედავად, ერთმანეთისგან.
ეს სომეხი მაშველები დღეს ჩემთვის ნომერ პირველი გმირები არიან მთელ კავკასიაში. ქართველები კი ბატონო, მაგრამ აი, სწორედ ეს ადამიანები არიან ნომერ პირველი გმირები!
იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გაციებულა თურქებისგან და აზერბაიჯანელებისგან ბარბაროსულად ნაწამები სომეხი სამხედრო ქალის სხეული… პირუტყვული ფანტაზია სანამ ეყოთ, ყველაფერი რომ აკადრეს..
იმიტომ რომ ჩემი თვალით ვნახე და ვინახავ ვიდეოს თუ როგორ იგდებენ მასხარად პატარა ბიჭს, რომელიც მამის საფლავს დასტირის…
იმიტომ რომ ამ ადამიანების უკან უდიდესი ტკივილია და ისინი დღეს იმ მტერს ეხმარებიან, ვინც მათ განადგურებას გენოციდის დღიდან მოყოლებული, დღემდე ცდილობს.
იმიტომ რომ ყარაბაღის ომის დროს სრული დუმილი იყო. არავინ წუხდა იქ ჩახოცილ ბავშვებზე და მოხუცებზე, თვრამეტ-ცხრამეტი წლის პირტიტველა ბიჭებზე, ასე მასშტაბურად, როგორც დღეს… მხოლოდ იმიტომ რომ დიახაც, ამბობდნენ, აზერბაიჯანისაა ტერიტორია და აბა, როგორ…
ასეც რომ იყოს, იმიტომ უნდა აშიმშილონ ბავშვები და გადაუკეტონ საარსებო საშუალებები, რადგან თურმე მიწა მათია?!
აი, სწორედ ამიტომ, ერთი ათასად დაუფასეთ შრომა ამ ადამიანებს და მადლობა უთხარით. ეს ის ხალხია, პატივცემულო თურქებო და აზერბაიჯანელებო, გუშინ რომ ამასხარავებდით და მსოფლიოს ნახევარი მხოლოდ თქვენი გეგონათ. თურმე ერთი შეზანზარება ყოფილა საჭირო იმისათვის რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს”.







