
ევროპული მშვიდობის ფონდიდან სომხეთისთვის დახმარების გაწევა 18 ნოემბერს დაიწყება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წინასწარი განხილვისას პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა.
„ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის მხარდაჭერის სამუშაოები 18 ნოემბერს დაიწყება“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.
2024 წლის ივლისში ევროკავშირმა პირველად გადაწყვიტა სომხეთისთვის 10 მილიონი ევროს გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან. სომხეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად გასაწევი დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა და კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.







