
ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანისაგან პერიოდულად ღებულობენ წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, ადასტურებს, რომ პროცესი ჩიხში არ არის.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
ის ფაქტი, რომ ჩვენ მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების მე-12 ვარიანტი, არის იმის დასტური, რომ პროცესი არ არის ჩიხში. ანუ ახლა უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი წინადადებები, პროცესი მიდის.
მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სადემარკაციო კომიტეტებიც მუშაობენ. ისინი წელს უკვე შეხვდნენ ერთხელ პირადად და ერთხელაც ონლაინ.
„ჩვენ შევთავაზეთ საკითხის გადაწყვეტა, ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანი ამ გადაწყვეტას დადებითად უპასუხებს“, – განმარტა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ობიექტური ანალიზის მიხედვით, ამ წინადადებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
„ეს წინადადება ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო ტრანსპორტის აღდგენას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოყენებული იქნება დასავლეთ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანთან და ერასხიდან მეღრამდე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის გავლით. ორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა გამოიყენონ ერთმანეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის“, – განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.







