ეკონომიკა

ერევანი და აშხაბადი მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქმენული გაზის სომხეთში ირანის გავლით იმპორტის შესახებ.

სომხეთი და თურქმენეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბუნებრივი აირის შესყიდვაზე თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნიდან, რაც საშუალებას მისცემს თურქმენული გაზი სომხეთს ირანის გავლით მიეწოდოს.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ  ერევანში გამართულ სომხეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 სესიაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა არტაშეს თუმანიანმა.

თუმანიანის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის დელეგაციამ რამდენიმე ვიზიტი განახორციელა თურქმენეთში, რომლის დროსაც განიხილეს ენერგეტიკისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სექტორის არაერთი პროგრამა.

სიტყვით გამოსვლისას არტაშეს თუმანიანმა ხაზი გაუსვა 3 სფეროს, რომლის ირგვლივაც გაიმართა მოლაპარაკებები თურქმენეთში ვიზიტის დროს.

„პირველ რიგში, სომხურმა მხარემ გამოთქვა სურვილი, მოემზადებინა ბუნებრივი აირის შესყიდვის გარიგება სახელმწიფო კონცერნ ,,თურქმენგაზი“ -სგან, რასთან დაკავშირებითაც გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი. ამ შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო სომხური მხარის მოლოდინები და შეხედულებები და განიხილეს პროგრამის ყველა ტექნიკური მახასიათებელი. პროექტის არსი ასეთია: შესყიდვა განხორციელდეს „თურქმენგაზი“-სგანის მიზნით, მისი გაცვლა ორგანიზებულ იქნას ირანის ტერიტორიის გავლით SWOP სქემით და მიტანილ იქნას  ირან-სომხეთის საზღვრამდე“, – განმარტა თუმანიანმა.

უკანასკნელმა დასძინა, რომ ვინაიდან ირანი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი მონაწილეა, მოლაპარაკებები გაიმართა თეირანთანაც, რის შედეგადაც ირანი დათანხმდა პროგრამის განხორციელებას.

„გეგმაში ასევე მითითებულია რაოდენობრივი მაჩვენებელი: 600 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის შეძენა. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ამ გარიგების მნიშვნელოვანი კომპონენტის, გაზის ფასზე შეთანხმების სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებების დროს საუბარი ასევე შეეხო სომხეთის ტერიტორიით საქართველოში თურქმენული გაზის ექსპორტს, იგივე SWOP სისტემით. თუმანიანის თქმით, ამ საკითხზე ქართულმა მხარემაც დადებითი პასუხი გასცა.

„ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, მომავალში ასევე შეიქმნება შესაძლებლობა, რომ თურქმენული გაზი ხელმისაწვდომი გახდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის“, – განაცხადა არტაშეს თუმანიანმა.

ამ უკანასკნელის თქმით, სომხურ-თურქმენული მოლაპარაკებების მეორე პროგრამა ეხება თურქმენეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას, რასაც დადებითი პასუხი მოჰყვა აშხაბადისგან.

„თურქმენულმა მხარემ ამ შემთხვევაში წარმოადგინა თავისი ფასის შეთავაზება, რაც, ვფიქრობ, ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სომხურმა მხარემ ჯერ კიდევ ვერ იპოვა ოპტიმალური სქემა შეძენილი ელექტროენერგიის შემდგომი გამოყენებისთვის. პირველად ვიფიქრეთ, რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა სომხეთ-ირანის გაზი-ელექტროენერგიის პროექტში, მაგრამ ჯერ დადებითი გამოსავალი არ გვაქვს“, – აღნიშნა თუმანიანმა და დასძინა, რომ ამ თემაზე ასევე მიმდინარეობს დისკუსიები.

მესამე მიმართულება ეხება თურქმენული ნავთობისა და გაზის კომპლექსის სხვადასხვა პროდუქციის სომხეთისთვის და, შესაძლოა, სხვა მიმართულებებით შეძენისა და მიწოდების შესაძლებლობებსაც. “ბურთი აქ ჩვენს მოედანზეა. ჩვენ უნდა გავუწიოთ საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერა დაინტერესებულ სომხურ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირება თურქმენულ ბიზნეს გარემოში“, – ხაზგასმით აღნიშნა არტაშეს თუმანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button