ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად შესაძლებელია „3+3“ ფორმატის გამოყენება. ირანის ელჩი

ირანი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფორმატს მშვიდობის დამყარების, ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. ამის შესახებ 3 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ.
მისი აზრით, ამ მხრივ „3+3“ კარგი ფორმატია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. მან განმარტა, რომ ირანი საზღვრებზე მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარების მომხრეა და თვლის, რომ დაძაბულობის გაზრდისკენ მიმავალი ნებისმიერი ნაბიჯი თავიდან უნდა იქნას აცილებული.
დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გამოიჩენენ თავშეკავებას და შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დარჩება მშვიდობისა და სიმშვიდის პრინციპების ერთგული. ჩვენ კონტაქტში ვართ როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ჩვენი კონტაქტების დროს ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას”, – ხაზგასმით აღნიშნა სობჰანიმ.







