პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – მნიშვნელოვანია ეუთო-ს მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი და მისი გზავნილები, ფერიდუნ სინირლიოღლუმ და მისმა ორგანიზაციამ აღიარეს, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა

1tv.ge წერს, რომ ეუთო-ს ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში და მისი გზავნილები მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ერთი მხრივ, ფერიდუნ სინირლიოღლუმ და მისმა ორგანიზაციამ, არჩევნების ერთ-ერთმა ყველაზე მთავარმა შემფასებელმა მსოფლიოში, აღიარეს, რომ ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები. ეს მოხდა 2024 წლის არჩევნებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს იანვარში ეუთო/ოდირ-ის ერთ-ერთი თანამდებობის პირის დამუნათების შედეგად გადადებული ეს ვიზიტი, თუმცა ახლა განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტი. ეს ჩვენ მაშინვე ვიცოდით. მოგეხსენებათ, ჩვენ ბრძოლა გვაქვს არა მხოლოდ საქართველოში არსებულ „დიფ სთეითის“ ქსელთან და გლობალური ომის პარტიის ფილიალებთან, არამედ, სამწუხაროდ, ისინი მსოფლიოში არსებობენ. პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, მებრძვის ევროკავშირი და უსამართლოდ ექცევა ამერიკასო. გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს ბრძოლა „დიფ სთეითთან“ და გლობალურ ომის პარტიასთან, რაც დადასტურდა, მათ შორის, იმითაც, რომ ასეთ მძლავრ საერთაშორისო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელსაც კი ასეთი დამუნათება მოუნდომეს იანვარში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც პოზიტიური შედეგი დადგა და ეს ვიზიტი შედგა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ლევან სანიკიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტი არ შემდგარიყო, რომ დამატებითი პროპაგანდისტული საკვები დასავლეთის მხრიდან არ უნდა მიეწოდოს „ქართულ ოცნებას“ და რას ნიშნავს ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ ეუთო-დან ყველგან ჩადიან და ყველას ელაპარაკებიან, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძის თუ სანიკიძის განცხადებები არავის და, მით უმეტეს, ეუთო/ოდირ-ს არ აინტერესებს.

„რა თქმა უნდა, ჯაფარიძის თუ სანიკიძის განცხადებები არავის და, მით უმეტეს, ეუთო/ოდირ-ს არ აინტერესებს, მაგრამ მათ განცხადებებშივე ჩანს, 2024-ის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რომ უნდათ, ჩვეულებრივი, უმნიშვნელო პოლიტიკოსი ევროკავშირში, ისეთი, აბსოლუტურად არავინ რომ არ იცნობს, გახდეს ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი საქართველოში ხელისუფლების, ხოლო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიც არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, რომელიც ჩამობრძანდა არჩევნების შემდგომ, ან ეუთო/ოდირ-ის გენერალური მდივანი, მისი დასკვნა და ა.შ. მათთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს უკვე გაქარწყლებული ნარატივია „ნაცმოძრაობის“ და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, უკვე ყველამ, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ და მისი ანასხლეტების პატრონებმაც დაინახეს ევროკავშირსა და ამერიკაში, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა აღარ გააჩნია, თუმცა „დიფ სთეითს“ სხვა გამოსავალი არ აქვს და საქართველოში ბოლომდე უნდა დახარჯონ ჯერ კიდევ შენარჩუნებული თანხები, რათა ქვეყანაში რაღაც დესტაბილიზაციის მცდელობები ჰქონდეთ.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები გაცვდა და დარწმუნებულია, „ნაცმოძრაობის“ ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება წლის ბოლომდე, რადგან საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავს, რას აკეთებდნენ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მერე უკვე ოპოზიციაში გადასულები.

ამასთან, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იკვებებოდა და დღემდე იკვებება უცხოეთიდან. უცხოეთიდან დაპურებული პოლიტიკური ძალა კი, გამორიცხულია, ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდეს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამ განაპირობა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის შანსი კიდევ ერთხელ მიეცემათ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების საქმიანობის აკრძალვა როდესაც დააანონსა საკონსტიტუციო სარჩელით, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდებოდა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი არ გადადებულა და ეს, უბრალოდ, პროცედურული საკითხია.

„უბრალოდ, დაანონსდა ის, რომ სექტემბერში, როცა კომისია დასკვნას დადებს, ამას თავისი პროცედურები გააჩნია: საქართველოს პარლამენტში ჩვენ გავიტანთ ამ დასკვნას, ამის შემდეგ მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი და შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ იქაც თავისი პროცედურები არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამას არ დასჭირდება არც წლები და არც ბევრი თვე, მაგრამ ორ და სამ კვირაში, როცა უკვე არჩევნები იქნება, შეიძლება, უბრალოდ, ვერ მოესწროს. ეს დაანონსდა, თორემ ამ პროცესის არავითარი გადავადება არ მომხდარა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობას, „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც დედას იფიცება, რომ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან კარგიც იქნება, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. ამათ ეგონათ, შევეხვეწებოდით. პარლამენტში არ შევეხვეწეთ, დაწერეს განცხადებები, რასაც დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი ნანობს, დავუკმაყოფილეთ და აღმოჩნდნენ გარეთ. პარლამენტში არ შევეხვეწეთ და თვითმმართველობის არჩევნებში რატომ შევეხვეწებით?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button