მთავარიპოლიტიკა

ერევანი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ კუხო-ს ქვეყნები არ დაგმობენ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიების ოკუპაციას

სომხეთი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით, თუ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი, არ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა.

“ჩვენ არა მხოლოდ კუხო-ზე ვანიშნებთ, არამედ პირდაპირ ტექსტშიც ვამბობთ, რომ ის დიდხანს არ შეიძლება ასე დარჩეს. ბოლოს და ბოლოს, თუ კუხო-ს პარტნიორები, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, არ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც წლების წინ განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის შემდეგ, მაშინ სომხეთი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ვაჰან კოსტანიანმა.

საკითხთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება სომხეთმა გადაწყვიტოს კუხო-დან გასვლა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ერევანი გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმის დროს და მიზანშეწონილობას.

“სომხეთის რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, თავად გადაწყვეტს, როდის არის შესაფერისი დრო ამა თუ იმ ნაბიჯის გადასადგმელად”, – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას, კოსტანიანმა გაიხსენა, რომ ერევანი კვლავ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას ამ სტრუქტურის ფარგლებში.

სომხეთმა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა მონაწილეობა კუხო-ში. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კუხო საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, მომავალ არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

სომხეთის ურთიერთობები კუხო-სთან დაიძაბა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის შემდეგ, როდესაც ორგანიზაციამ ვერ შეძლო თავისი წევრი სახელმწიფოსთვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევა. ერევნის მოთხოვნების მიუხედავად, კუხო-მ ჯერ არ დაგმო თავდასხმა ალიანსის წევრ სომხეთზე და არ დააფიქსირა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიები დაიპყრო. სომხეთმა შეწყვიტა წევრობის შენატანების ორგანიზაციისთვის გადარიცხვა და წარმომადგენლების გაგზავნა სტრუქტურის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და სამხედრო წვრთნებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button