აზერბაიჯანი „ძალიან შორს წავიდა“ და თურქეთის „გადაგდებასაც“ კი ცდილობს

ანკარა იძულებულია, თავისი რესურსებით იხელმძღვანელოს და ამ მხრივ, გამოდის, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებები მთავარ და მეორეხარისხოვან მიმართულებებად უნდა დაიყოს. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასია მეორეხარისხოვანია: პირველ ადგილზე ახლო აღმოსავლეთია. „სპუტნიკ არმენიასთან“ ინტერვიუში ასეთი მოსაზრება გამოთქვა თურქოლოგმა, აკადემიკოსმა რუბენ საფრასტიანმა.
თურქოლოგის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ თურქეთს ჩვენს რეგიონში საიმედო მოკავშირეც ჰყავს – აზერბაიჯანი. სწორედ ბაქოს ხარჯზე ანაზღაურებს ანკარა სამხრეთ კავკასიაში ოპერაციების პოტენციალის ნაკლებობას.
„აქ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ფაქტორიც ჩნდება. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი საკუთარი რეგიონული თამაშის დაწყებას ცდილობს. უფრო მეტიც, ბაქო არა მხოლოდ რუსეთთან მწვავე დაპირისპირებაში შედის, არამედ, მზადაა, თავისი უფროსი ძმის, თურქეთის აზრისა და პოზიციის გამოწვევა დაიწყოს“, – ამბობს საფრასტიანი.
თურქოლოგის აზრით, საკმაოდ აღსანიშნავია ბაქოს მიერ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ტექსტიდან მოსკოვისა და ყარსის ძველი ხელშეკრულებების ამოღების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება. ბოლშევიკებსა და ათათურქს შორის ხელმოწერილი ამ ხელშეკრულებების თანახმად, თურქეთს ნახიჩევანის საკითხებში გარკვეული ხმის უფლება აქვს. როგორც ჩანს, ბაქო არა მხოლოდ რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის გამორიცხვას, არამედ თურქეთის თამაშიდან ამოღებასაც ცდილობს…
„როგორც ისტორიკოსი, რომელმაც ერთხელ შეისწავლა ეს დოკუმენტები, ვამბობ, რომ იმ დროს თურქეთს თავად სურდა ნახიჩევანის თავის ტერიტორიაზე შეერთება, მაგრამ ბოლშევიკებმა ამის უფლება არ მისცეს. მაგრამ ათათურქმა მოახერხა დიპლომატიური თამაში ისე, რომ რესპუბლიკა მაინც აზერბაიჯანის ნაწილი გახდა და არა სომხეთის. თურქებმა იმ დროს ბოლშევიკურ ხელმძღვანელობას გავლენის გარკვეული უფლება „წაგლიჯეს“. შედეგად, შეიძლება ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნას, ვნახოთ“, – ამბობს Sputnik Armenia-ს თანამოსაუბრე.







