ანალიტიკა

დავით ზურაბიშვილი – “ეჭვი მაქვს, რომ არც ერთმა მხარემ – არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ იცის, 4 ოქტომბერს რა იქნება ან რას გააკეთებენ”

“ეჭვი მაქვს, რომ არც ერთმა მხარემ – არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ იცის, 4 ოქტომბერს რა იქნება ან რას გააკეთებენ. ოპოზიციის მხრიდან უფრო არის ნაპოლეონის პრინციპი – ჩავებათ ბრძოლაში და მერე იქ ვნახოთო. საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში ეს პრინციპი ყოველთვის წამყვანია და ძალიან იშვიათად, რომ პოლიტიკოსებს რაღაც ჰქონდეთ დაგეგმილი. ძალიან ბევრი ხალხიც რომ გამოვიდეს, მართალი გითხრათ არა მგონია, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც დათმობაზე წავიდეს. შეიძლება რაღაცები გადადოს, მაგრამ დათმობით არ დათმობს და დაელოდება გამწვავებას, რომ ძალა გამოიყენოს. ყველა ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ერთნაირად იქცევა… ის, რომ დაინახონ ქუჩაში გამოსული ძალიან ბევრი ხალხი და ხელისუფლება თვითონ წავიდეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ივანიშვილი ერთხანს დათმობებზე მიდიოდა და ასე ცდილობდა გადაეგორებინა პრობლემა, მაგრამ ამას აღარ აკეთებს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დათმობას ისინი განიხილავენ, როგორც ჩამოშლის წინა პირობას”, – აცხადებს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა იქნება 4 ოქტომბერს?!” “ოცნებას” სურს ერთი რამ – მას აქვს გარე ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა და აქვს არა იმის გამო, რომ არჩევნები გააყალბა, არამედ იმის გამო, რომ ევროპა “დანიშნა” მთავარ მტრად, მისი ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპიდან მას არავინ არ ელაპარაკება. საქართველო აღიქმება, როგორც რუსეთის გავლენაში მყოფი პოლიტიკური ორღობე და ევროპელები ჩვენთან თითქმის აღარ ურთიერთობენ. ივანიშვილმა ჩათვალა, დასავლეთი მიპირებს ჩამოგდებასო და დასავლეთთან შეგნებულად გაამწვავა ურთიერთობა, მაგრამ ის შეცდა მეორე რაღაცაში – იმედი ჰქონდა, რომ ორგანულად ჩაეწერებოდა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთის, ირანის, არაბული ქვეყნების, – რუსეთი პლუს აღმოსავლეთი – რაღაც ასეთ პოსტსაბჭოთა რეალობაში და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე, მაინც მნიშვნელოვანი ქვეყანა იქნებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ფული წამოვიდოდა აღმოსავლეთიდან და დასავლეთი იძულებული გახდებოდა, მასთან ევაჭრა, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან დასავლეთთან იმდენად გაიფუჭა ურთიერთობა, აღმოსავლეთისთვისაც აღარ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი. “აღმოსავლეთს საქართველო აინტერესებდა მაშინ, როდესაც ევროპის პარტნიორი იყო. თუ აღარა ხარ დასავლეთისთვის სანდო ქვეყანა, არც ჩინეთს უნდიხარ, არც არაბეთს და რუსეთისთვისაც აღარ ხარ საინტერესო, რადგან რუსეთს რაც უნდა საქართველოში, პრაქტიკულად უკვე გაკეთებული აქვს “ოცნებას” საკუთარი ხელით – აფხაზეთსა და ცხინვალს ისედაც ვერ ვაკონტროლებთ, რუსეთი ამ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურად ისედაც არის, საერთაშორისო არენაზე რუსეთზე ცუდს აღარ ვამბობთ და დასავლეთს არ ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში – რუსეთს მეტი არც არაფერი უნდა ჩვენგან. სწორედ ამიტომ, ივანიშვილმა დასავლეთთან თუ არ დაალაგა ურთიერთობა, თუ ვერ გახდება აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი, მისი ძალაუფლება შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს – დაიწყოს, ერთი მხრივ, სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, ელემენტარულად ფული აღარ იყოს და მეორე მხრივ, რუსეთში ჩათვალონ, რომ ბიძინა დისკრედიტირებულია, აღარ სჭირდებათ და აქ ვიღაც სხვა გამოგზავნონ, სხვა პირზე დადონ ფსონი, რომელიც პრინციპში, პრორუსი იქნება და რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს, მაგრამ თან დასავლეთთანაც დალაგებული ექნება ურთიერთობა. ასეთ სიტუაციაში ივანიშვილმა იცის, რომ დასავლეთთან ვეღარ დალაგდება და როგორც ჩანს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახლა მთავარია, სრული კონტროლი აიღოს ყველაფერზე”, – დაასკვნის რესპონდენტი. “ერთადერთი, რაც ვიცი, თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა თავისი რიგებიდან პოლიტიკური ალტერნატივის გამოკვეთა, ჩვენი საქმე არ იქნება კარგად, ქვეყანა წავა თავდაღმართზე და სიტუაცია გაუარესდება. კიდევ მინდა ვთქვა ერთი რამ, რაც მთლად პოპულარული არათუ არ არის, მეინსტრიმულ ხაზსაც ეწინააღმდეგება – არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე რომ იყო ლაპარაკი, მაშინ ვინც ამბობდა, ამით მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია და პროცესის ნორმალიზაციაო, მინდა ასეთი კითხვა დავსვა – პროცესის ნორმალიზაცია ვის ინტერსებშია? რატომ არის ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესში და რატომ არ არის ოპოზიციის, საზოგადოების ინტერესში? პროცესის ნორმალიზება იმას ხომ არ ნიშნავს, რაც არის, იმას ვეგუებით? ნორმალიზება ნიშნავს პროცესის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას – ანუ ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მთლად ავტორიტარიზმში არ გადავარდეს”, – ამბობს ექსპერტი. “რომელი ჯობს, მთლად ავტორიტარიზმში გადავარდნილი ხელისუფლება თუ ის, რომელიც მთლად გადავარდნილი არ არის? რომელი არჩევნები ჯობს, ის, რომელიც სრულიად გაუქმებულია და ფორმალობაა, მაგალითად, თურქმენეთსა და ყაზახეთში, თუ თუნდაც ისეთი, როგორიც, ვთქვათ, 2020 წელს იყო? რა ჯობს ჩვენთვის? მე, ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს – ეს მეორე ვარიანტია. თუ ვინმე მეტყვის, რაც უფრო მეტი დიქტატურაა და ყველას გვხოცავენ, ის ჯობსო, ვერაფრით ვერ დავეთანხმები. თუ ყველა დაგვხოცეს, იმის იმედი აქვს ვინმეს, რომ აქ გერმანია ან ამერიკა შემოვა და გაგვათავისუფლებს? არა, ეს არ მოხდება. ეს ჩვენი, ქართველი ხალხის გასაკეთებელია და რაც უფრო მძიმეა დიქტატორული რეჟიმი, მით უფრო უარესია და პირიქით, რაც უფრო მსუბუქია ავტორიტარული რეჟიმი, მით უფრო უკეთესია. ამიტომ ოპოზიციის ქმედებები არ უნდა იყოს იქით მიმართული, რომ სიტუაცია გააუარესოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ, რაც ამ 35 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ”, – განმარტავს დავით ზურაბიშვილი. “მე იმას კი არ ვამბობ, რომ “შენი ჭირიმე” ვეძახოთ და ყველაფერი დავუთმოთ. მაგრამ არა ერთი ხელის დაკვრით და გადატრიალებებით, არამედ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ძალაუფლების გამოღლეტა. თბილისის მერის არჩევნების “გამაზვა”, როდესაც თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია, ჩემი აზრით, ლამის დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა. ასეთი მომენტი აღარ გვექნება 2028 წლამდე. მანამდე დაგვრჩა ქუჩის აქციები და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. ესენი იმასაც გაიძახიან, ბიძინა ივანიშვილმა რომ დანიშნოს არჩევნები, იმაშიც არ მივიღებთ მონაწილეობას, ჯერ წავიდეს და ჩვენ დავნიშნავთო. ეს ყველაფერი ძალიან ინფანტილურია. მოდი, ჯერ ხელისუფლება დაემხოს და მერე ერთმანეთში მოვილაპარაკებთ. მერე რა იქნება, კაცმა არ იცის, როდესაც ხელისუფლება ემხობა. არ იცი, რა უნდა გააკეთო, მით უმეტეს, ამის გამოცდილებაც გვაქვს და ვიცით, რაც ხდება – ვინც მოდის ხელისუფლებაში, ხელში უვარდება უზარმაზარი ძალაუფლება და მერე მის შენარჩუნება-განმტკიცებაზეა მიმართული. ასე მიდის ვითარება ახალი ავტორიტარიზმისკენ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გაცილებით სერიოზული დამოკიდებულება პროცესების მიმართ, რაც, სამწუხაროდ, არ ჩანს”, – დასძენს ექსპერტი.

ნახეთ მეტი
Back to top button