სომხეთი გერმანიისგან 152 მილიონ ევროს მიიღებს დახმარების სახით

გერმანიის მთავრობა სომხეთს დახმარების სახით 152 მილიონ ევროს გამოუყოფს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ბერლინიდან გადაღებულ ვიდეოში განაცხადა.
„გერმანიის მთავრობა სომხეთს 152 მილიონ ევროს გამოუყოფს დახმარების სახით. ეს არის მთავარი შედეგი, რომელიც ბერლინში სომხეთ-გერმანიის სამთავრობათაშორისო კომისიის ერთობლივი სხდომის დროს მივაღწიეთ, რომელსაც მე სომხური მხრიდან ვხელმძღვანელობ. ამ 152 მილიონი ევროდან 18 მილიონი ევრო არის გრანტი, ხოლო 134 მილიონი – სესხი ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ოდნავ 0-ზე მაღალი“, – თქვა პაპოიანმა.
მინისტრმა გააცნო, რომ ეს თანხა მთლიანად სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, განახლებადი ენერგიისა და წყლის სისტემების განვითარებას და სომხეთის ეკონომიკის მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას მოხმარდება.







