მთავარიპოლიტიკა

მირზოიანი: ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან და ირანთან, ვცდილობთ ურთიერთობების დარეგულირებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი და რეალური შესაძლებლობა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად.

Armenpress-ის ცნობით, მირზოიანმა ამის შესახებ ისაუბრა საერთაშორისო ფორუმზე „ორბელის ფორუმი: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“, სადაც შეეხო სომხეთის მიერ გატარებულ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას.

„გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ვახორციელებთ სტრატეგიულ დიალოგს და ვცდილობთ პარტნიორობის დონის ამაღლებას გაერთიანებულ სამეფოსთან და რიგ ევროკავშირის წევრებთან. მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან. მრავალჯერ აღგვინიშნავს უშუალო მეზობლებთან ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული მნიშვნელობა։ საქართველოსა და ირანთან გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები, აზერბაიჯანთან მშვიდობა დამყარებულია და ახლა ვცდილობთ მის დეტალიზაციას. თურქეთთან გვაქვს ძალიან ინტენსიური დიალოგი და ამ მხრივ დიდი ოპტიმიზმი მაქვს, მჯერა, რომ ეტაპობრივად შევძლებთ ხელშესახები შედეგების დაფიქსირებას. ჩინეთთანაც უკვე გამოვაცხადეთ სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ამ ეტაპზე შეიძლება მხოლოდ ბალანსის კონტექსტში განიხილებოდეს.

„რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე, როდესაც საუბარი შეეხება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს, ამ თემაზე ისევ იქნება აზრი დაბრუნებისა. მაგრამ ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან უნდა შეფასდეს დივერსიფიკაციისა და ბალანსის კონტექსტში“, – განაცხადა მინისტრმა.

არარატ მირზოიანმა დასძინა, რომ სომხეთს წარმატებით გამოსდის ბალანსის შენარჩუნება ყველა პარტნიორთან, რაც სარგებელს აძლევს როგორც თავად ქვეყანას, ისე მის მეზობლებსაც.

ნახეთ მეტი
Back to top button