აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასწრების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე “ დაყრდნობით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელშიც მისი მეუღლე უშა ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და იტალიაში აშშ-ის ელჩი ტილმან ფერტიტა შედიან.
„იტალიის შემდეგ ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც ტრამპმა მას ორ ქვეყანას შორის ოთხათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით შეთანხმების შემუშავება დაავალა“, – წერს სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასვლის თარიღის დაზუსტების გარეშე.
იტალიის ქალაქ მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნა 6 თებერვალს გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის იანვრის ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, ხელს მოვაწერთ შესანიშნავ მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებას სომხეთთან, გავაფორმებთ კონტრაქტებს ჩვენი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის, მივყიდით აზერბაიჯანს აშშ-ში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას, როგორიცაა ჯავშანჟილეტები და ნავები და სხვა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.







