ეკონომიკა

რუსეთიდან პირდაპირი რეისები კვლავ აკრძალულია – S7-სთვის ფრენის დაშვება არაფერს ნიშნავს

ავიაკომპანია „სიბირმა“ (S7) რუსეთის ავიაციის ფედერალური სააგენტოს განკარგულებაზე კომენტარი გააკეთა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ავიაკომპანია „სიბირმა“ (S7) განმარტა, რომ განკარგულება, რომლითაც მას ნება დართეს მოსკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეისები შეასრულოს, არ ნიშნავს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას.

როგორც ცნობილია, ქვეყნებს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე აკრძალა.

„ამჟამად მოქმედებს აკრძალვა საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენებზე. დაშვება ავიაკომპანიას უფლებას არ აძლევს, რომ საქართველოში რეისები მოქმედი აკრძალვის პირობებში შეასრულოს. ქუთაისში ფრენაზე დაშვება ავიაკომპანია „სიბირმა“ მიიღო ავიაკომპანია „გლობუსის“ ნაცვლად ავიაკომპანიების გაერთიანების ფარგლებში“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ კომპანია S7–ში.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განკარგულების თანახმად, „სიბირს“ ნება დართეს, შეასრულოს მოსკოვი–ქუთაისის რეისები კვირაში შვიდჯერ.

ნახეთ მეტი
Back to top button