ანალიტიკა

„კავკასიაში ომი დიდი სიბრიყვეა“: ზურაბ მაღრაძე

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ტრენერი   ზურაბ  მაღრაძე  საინტერესო პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელოვანი მისია აკისრია სომხეთსა და საქართველოს რეგიონში და როგორ უნდა ჩაჰკიდონ ამ ორმა პატარა ქვეყანამ ხელი ერთმანეთს,  რათა შესძლონ  შემდგომი გამოწვევებისათვის გამკლავება. ქვემოთ მოგვყავს ტექსტი მთლიანად:

„ვაშინგტონში დემოკრატიის პირველ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთისა და საქართველოს მიწვევა, სომხურ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგის შინაარსის შემავსებელია. ვაშინგტონის მოწვევა ასახავს ისეთ რეგიონულ განლაგებას, სადაც ამ მხრივ სომხეთი და საქართველო ცალკე სიბრტყეში აღმოჩნდებიან. ეს ფაქტი სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან დაპირისპირების გარემოებად არ გადიქცევა, რადგან ორივე პატარა ქვეყანაა.

სომხეთი უნდა ჩაერთოს აბრეშუმის გზის პროექტში და ჩაებას იგი საკუთარი სატრანზიტო არტერიით მთავარ კარიბჭეს – საქართველოს. მეტაფორულად ეს ასე გამოიყურება – სპარსული აბრეშუმი სომხეთისა და ანაკლიის გავლით ევროპისკენ.

ვინაიდან რკინიგზა ხდება ცივილიზებული ეკონომიკების განსაკუთრებული სატრანსპორტო მიმართულება, ინდო-ირანული ტვირთების აკუმულირება უნდა მოხდეს ახალქალაქის რკინიგზის საერთაშორისო სადგურში, იქიდან კი საქართველოს რკინიგზებით მიემართოს ანაკლიის პორტისკენ.

თურქეთი დიდი ქვეყანაა და მას 21 უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრის ფორმირების ეტაპი აქვს. საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას ტვირთების გაფორმების ორი მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრის განვითარების შესაძლებლობა გააჩნია. ეს ანაკლია და ახალქალაქია. ამ მოცემულობაში, თურქეთმა კარგად იცის, რომ სატრანზიტო პოლიტიკაში საქართველო თურქეთისთვის არის ის, რაც ნიდერლანდი გერმანიისთვის.

რა თქმა უნდა სომხეთს აქვს შანსი, გამოიყენოს სადგური ახალქალაქი ეროვნული ექსპორტისთვის თურქეთის მიმართულებით. მაგრამ ანაკლიასთან დაკავშირებულობა მას უხსნის ახალ შესაძლებლობას იმპორტისთვის. ხორბლის უმსხვილესი მწარმოებლებია უკრაინა და რუმინეთი. ეს კი სომხეთ-საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევას პასუხობს.

თურქეთი ისეც გააგრძელებს ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებზე ოპერირებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით. ასევე აზერბაიჯანიც გაზრდის დასავლეთით მიმავალი აზიური ტვირთების მომსახურებას.

სადგური ახალქალაქის მსხვილ ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევა თავისთავად განაპირობებს რკინიგზის სისტემის განახლებას თბილისიდან ანაკლიამდე და ამ სისტემის გარდაუვალ რეფორმებსაც.

იქნება ბაქოზე და ერევანზე გამავალი სხვა ტვირთებიც, რომლებიც უკრაინის საზღვაო პორტების – ოდესა, სევასტოპოლი, ილიჩოვსკი, ფეოდოსია, მარიუპოლი, იზმაილი, ნიკოლაევი, ხერსონი, ქერჩი, იალტა, ევპატორია – გავლით აღმოსავლეთ ევროპისკენ აიღებენ გეზს. ასევე რევერსული ტვირთებისთვისაც განიხილავენ ტვირთმფლობელები დივერსიფიკაციას. კოლხეთის დაბლობის და ჯავახეთის ზეგნის მძლავრ ლოჯისტიკურ ცენტრებად ჩამოყალიბება გამოიწვევს ქუთაისში სასაქონლო ბირჟის, ხოლო თბილისში საფონდო ბირჟის წარმოქმნის აუცილებლობას. ეს ნიშნავს ტვირთების, მგზავრების, ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტების შეპირაპირების კარიბჭეს ევროპასა და აზიას შორის.

ბ.თ. დარიალის კარი, რომელიც შექმნის დღიდან სამხედრო გზის ფუნქციას ასრულებდა, გადაიქცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. რადგან კავკასიაში ომი დიდი სიბრიყვეა“.

ნახეთ მეტი
Back to top button