ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს – აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს დამონტაჟების შესახებ

აშშ-ის ელჩმა სომხეთში კრისტინა ქუინმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში ჰაკარის ხიდზე საგუშაგოს განლაგება ძირს უთხრის პროცესს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს.
ამის შესახებ ელჩმა სომხების გენოციდის მემორიალურ კომპლექსში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, “Armenpress”-ის ცნობით, განაცხადა.
„გუშინ შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით, რადგან ეს აფერხებს სამშვიდობო პროცესს. ამ მომენტში ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ მხარეებს შორის მოლაპარაკებას და მზად ვართ ამისათვის“, – განაცხადა ელჩმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ იჩენს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის.
აზერბაიჯანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გამოყენებაზე, როგორც შემაკავებელ ფაქტორზე, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის აშშ-ს მიერ აზერბაიჯანის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული და მას არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს იმაზე, თუ რას გააკეთებს აშშ მომავალში.







