საზოგადოება

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. პროექტის ღირებულება 1,26 მილიარდი დოლარია

საქართველოს მთავრობამ თბილისში ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ღირებულება 1,26 მილიარდი დოლარია. Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე დაყრდნობით იუწყება.

„შედგა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობამ პროექტის ორი ვერსია განიხილა.

„ერთი ნიშნავდა ძველი აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას (რედ.: ქალაქ თბილისიდან 25 კმ-ში). გაფართოების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი დოლარი იყო. ახალი მშენებლობის ფასი დაახლოებით 1,26 მილიარდი დოლარია“, – აღნიშნა მან.

კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის აეროპორტის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში 4,5 მილიონამდე მგზავრს შეადგენს.

„გაფართოება საშუალებას მისცემდა გაზრდილიყო მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ არსებობდა. რაც შეეხება ახლის მშენებლობას, ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მგზავრთა რაოდენობა 19 მილიონამდე გავზარდოთ შემდგომი გაფართოების პერსპექტივით, განაცხადა პრემიერმა. – ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის აშენებაზე. საპროექტო და სატენდერო პროცედურები მომავალ წელს დასრულდება და რამდენიმე წელიწადში ქვეყანას ახალი, უახლესი აეროპორტი ექნება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“.

ნახეთ მეტი
Back to top button