პოლიტიკა

მირზოიანმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა ალმათიში დაგეგმილ სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 10 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალმათიში გამართულ სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

 „მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო სომხეთის ერთგულება სამშვიდობო დღის წესრიგში. ჩვენ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული გულწრფელად, კონსტრუქციულად და კეთილი ნებით და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო მშვიდობის დამყარება ნამდვილად ორივე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის და ორივე ხალხის ინტერესებშია. ასევე მინდა გამოვხატო ფრთხილი ოპტიმიზმი მოახლოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირზოიანმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ის რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების პაკეტების გაცვლა „პინგ-პონგის“ დიპლომატიას ჰგავს, არარატ მირზოიანმა უპასუხა:

„იგივე პინგ-პონგის დიპლომატიის ფარგლებში ჩვენ უკვე მოვახერხეთ ბევრ მუხლზე შეთანხმება და ისიც იცით, რომ პარალელური პროცესები მიმდინარეობს: ჩვენი სასაზღვრო კომისიები იკრიბებიან და, ფაქტობრივად, დაიწყეს დემარკაციის პროცესი, შეთანხმებული პრინციპით. ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებმა ბევრი შეხვედრები გამართეს და კვლავ მიაღწიეს შეთანხმებას საკვანძო საკითხებზე. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორმა ქვეყანამ ორმხრივად დაადასტუროს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე და დელიმიტაციაც უნდა მოხდეს ამ დეკლარაციის შესაბამისად. როგორც აღვნიშნე, ეს ასახულია სასაზღვრო კომისიების მუშაობაშიც და არის შეთანხმება, რომ ეს ასახული იყოს დემარკაციის პროცესთან დაკავშირებულ რეგულაციაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ალმათიში მოახლოებული მოლაპარაკებებისა და მათი პერსპექტივების შესახებ, მირზოიანმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანელ პარტნიორთან შეთანხმების მიღწევა და იგივე დებულებების ნათლად ასახვა სამშვიდობო შეთანხმებაში. „შემიძლია ვთქვა, რომ ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით საბოლოო მოწესრიგებასთან“, – განაცხადა მირზოიანმა და დასძინა, რომ არის საკითხები, მათ შორის, მაგალითად, რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვა, რაზეც მხარეებს არ აქვთ სრული ურთიერთგაგება, მაგრამ დაინტერესებული არიან  აზერბაიჯანთან ყველა სატრანსპორტო მარშრუტის გახსნით და კომუნიკაციით, ქვეყნების სუვერენიტეტის, ეროვნული იურისდიქციისა და ურთიერთგაგების პრინციპების შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button