ეკონომიკამთავარი

„ინვესტორების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან იყო“, –  მინისტრი სომხეთის მიერ გამოშვებული ევრობონდების შესახებ

სომხეთის მიერ მარტის დასაწყისში გამოშვებული 750 მილიონი დოლარის მოცულობითა და 7.1 პროცენტიანი შემოსავლიანობით გამოშვებული ევრობონდები საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანისიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „ჩვენ წარმატებით გამოვუშვით 750 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით და 7.1 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთით ევრობონდები. გვიხარია, რომ სპრედი, რომელმაც 2.86 პროცენტული პუნქტი შეადგინა,  თითქმის იმავე დონეზე იყო, რაც ჩვენს ბოლო ემისიაში (გამოშვებულია 2021 წელს, 2.84 პროცენტული პუნქტი). აღსანიშნავია, რომ გარკვეული საბაზრო ცვლილებების შედეგად, ჩვენნაირი ქვეყნების სპრედი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენნაირი ქვეყნები უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გამოსცემენ ობლიგაციებს. როდესაც ბაზარს ვუყურებთ, საკმაოდ დაბალი სპრედი გვაქვს უზბეკეთთან, რუმინეთთან, თურქეთთან, საქართველოსთან, იორდანიასთან შედარებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ჰოვჰანისიანის თქმით, გამოშვებულ ევრობონდებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. „მოთხოვნა თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა ჩვენს მიერ გამოშვებულ  მოცულობას. ნომინალურ მაჩვენებლებში საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, რადგან ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ეს ასევე აჩვენებს სომხეთის საერთაშორისო რეპუტაციას და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების ინტერესს. ინვესტორების გეოგრაფია ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან იყო. ევროპიდან  14 პროცენტი იყო, დიდი ბრიტანეთიდან – 45 პროცენტი, აშშ-დან – 34 პროცენტი, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან – 5 პროცენტი“, – თქვა ჰოვჰანისიანმა. ევრობონდების დაფარვის ვადა 10 წელია. მათი გამოშვებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. ეს სომხეთის მიერ საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ევრობონდების მეხუთე ემისიაა. 2025 და 2026 წლებში ახალი ობლიგაციების გამოშვება არ იგეგმება.

ნახეთ მეტი
Back to top button