
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სომხეთის“ ბლოკის ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკის ლიდერი სამველ კარაპეტიანი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთისთვის პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება გეღარქუნიქის ოლქის ქალაქ მარტუნის მაცხოვრებლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. „ვიცი, რომ მარტუნიში არსებობს შეშფოთება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი 4 მთავარ პრინციპს ეფუძნება: საქონლის, მომსახურების, შრომისა და ფინანსური რესურსების თავისუფალი მიმოქცევა. იცით, დღეს სამთავიანი ომის პარტია (რედ. გულისხმობს „სომხეთის“ ბლოკს, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს და „აყვავებული სომხეთის“ პარტიას) ასევე ქმნის პრობლემებს თავისი ქვეყნისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არჩევნების დროს გარკვეული კავშირებით, რაღაცებით. იციან, რომ არჩევნებში დამარცხდნენ. გამანადგურებელ მარცხს განიცდიან. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ჯაშუშებივით ურეკავენ, მიდიან იქ, აკეთებენ იმას, რაც შემდეგ პრობლემებს უქმნის ჩვენს ქვეყანას“, – თქვა ფაშინიანმა.
მან 1 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა. „რუსეთის პრეზიდენტმა დამირეკა, რომ დაბადების დღე მომელოცა, მაგრამ ასევე გვქონდა საქმიანი საუბრები და შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ ისევ წავალ, გვექნება შეხვედრა და ყველა მიმდინარე საკითხს მოვაგვარებთ“, – თქვა ფაშინიანმა.
რუსეთმა ბოლო დროს არაერთხელ მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას უმაღლეს დონეზე, სწრაფად გადაწყვიტონ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის საკითხი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა სომხეთს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ამ საკითხზე. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს ასეთი რეფერენდუმის ჩატარების საფუძველს, რადგან სომხეთს ჯერ არ წარუდგენია ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი ქვეყნის – რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის და ყირგიზეთის – პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც მოუწოდებენ სომხეთს რეფერენდუმის ჩატარებისკენ.
სომხეთისადმი პოზიციის დაკავებისკენ მოწოდების პარალელურად, რუსეთმა ცოტა ხნის წინ შეზღუდვები დააწესა მრავალი სომხური საქონლის იმპორტზე. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა ყვავილების, ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის, თევზის პროდუქტების და მინერალური წყლის „ჯერმუკის“იმპორტი სომხეთიდან და შეზღუდვები დააწესა სომხური ბოსტნეულისა და ხილის იმპორტზე.







