ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს სომხეთს გამოუყოს 145 მილიონი დოლარის დახმარების პირველი ტრანში ვაშინგტონის შეთანხმებების განსახორციელებლად

ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორის, ბრენდან ჰენრეჰენის ხელმძღვანელობით დელეგაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში კრისტინა კუინი.
ვიცე-პრემიერმა მაღალი შეფასება მისცა 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებს და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში.
წყაროს ცნობით, თანამოსაუბრეებმა განიხილეს რეგიონული მოვლენები და კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები, ასევე შეეხნენ პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ მნიშვნელობას.
ამ კონტექსტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორმა, ბრენდან ჰენრეენმა, აღნიშნა: „დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კონგრესთან თანამშრომლობით, ჩვენ ვაპირებთ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას.
ეს არის დაფინანსების პირველი ტრანში ტრამპის ადმინისტრაციის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზამკვლევის და 8 აგვისტოს მიღწეული მასთან დაკავშირებული შეთანხმებების განსახორციელებლად, ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურაში, კრიტიკული მინერალური მომარაგების ჯაჭვებსა და საზღვრისპირა უსაფრთხოებაში ინვესტიციების მხარდაჭერით“.







