იპოთეკური და დისტანციური წესით სესხი: სომხეთი უცხოელი ინვესტორებისთვის უძრავი ქონების შეძენის პროცესს ამარტივებს

მოქალაქეები, მათ შორის უცხოელი ინვესტორები, სომხეთში უძრავი ქონების შეძენას იპოთეკური სესხის გამოყენებით, ნოტარიულად დამოწმებისა და სავალდებულო პირადი დასწრების გარეშე შეძლებენ. ამის შესახებ 15 ოქტომბერს, ეკონომიკურ საკითხთა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, სამოქალაქო კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვისას განაცხადა რესპუბლიკის კადასტრის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სურენ თოვმასიანმა.
შესწორებები, კერძოდ, სამმხრივ შეთანხმებებს ეხება, რომელთა მხარეები არიან ბანკი ან საკრედიტო ორგანიზაცია, მყიდველი და გამყიდველი.
„ასეთი შეთანხმებები უფლებების სახელმწიფო რეგისტრაციისთვის ნოტარიულად დამოწმების გარეშე უნდა წარედგინოს. ბანკმა, როგორც იპოთეკურმა კრედიტორმა, კადასტრის კომიტეტს შეთანხმება ელექტრონულად უნდა წარუდგინოს“, – განმარტა თოვმასიანმა.
ოფიციალური პირის თქმით, ეს ინიციატივა ორ მთავარ მიზანს ისახავს. კერძოდ, პროცესების გამარტივებას და ხარჯების შემცირებას. რადგან მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ნოტარიულად დამოწმება და მინდობილობის გაცემა. მეორე მიზანი უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაა. ეს, მინისტრის მოადგილის თქმით, სომხეთის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს, საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც კი.
ამგვარად, თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ პირს სურს ინვესტიციის განხორციელება და უძრავი ქონების შეძენა იპოთეკური სესხით, მას შეეძლება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმება სომხეთში ვიზიტის გარეშე. ბანკმა, თავის მხრივ, ხელშეკრულება კადასტრის კომიტეტს ელექტრონული ფორმით უნდა წარუდგინოს. ეს უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის საფუძველი გახდება.
ამავდროულად, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნებათ. ისინი თავად გადაწყვეტენ, გამოიყენონ ახალი ციფრული მექანიზმი თუ გააგრძელონ ნოტარიულად დამოწმების ტრადიციული მეთოდების გამოყენება.
გარკვეული განხილვების შემდეგ, ამ საკანონმდებლო ინიციატივამ მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტის დადებითი გამოხმაურება მიიღო.







