კულტურამთავარი

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხური ანბანის ძეგლი გაიხსნა

სტრასბურგში, ევროპარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თანდასწრებით, სომხური ანბანის ძეგლი გაიხსნა.

„არმატაგირი – დიალოგის ძალა“ სახელწოდებით ქანდაკება სომხეთის რესპუბლიკამ ევროპარლამენტის უწყვეტი და უპირობო მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად დადგა. ეს ქანდაკება სომხური ანბანის ასოებისგან შედგება.

რობერტა მეცოლამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დიალოგი დემოკრატიის ქვაკუთხედია, ის გვაერთიანებს და წინსვლისკენ გვიბიძგებს. „ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს არის ევროპის პარლამენტის მთავარი მიზანი – ერთმანეთთან, მოქალაქეებთან და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან დიალოგის დამყარება. ამ ულამაზესი ნამუშევრით, სომხური ანბანის ამ გამოსახულებით, სომხური ენა აძლიერებს თავის ადგილს იმ მდიდარ და მრავალფეროვან დიალოგში, რომელსაც ევროპა ჰქვია“, – თქვა რობერტა მეცოლამ და ციტატა გააკეთა სომეხი პოეტის, სილვა კაპუტიკიანის, სიტყვებიდან: „სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ ამ მთვარის ქვეშ, არ დაგავიწყდეთ თქვენი მშობლიური ენა“.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სომხური ანბანის გამოგონება მე-5 საუკუნეში მოხდა და ის სომხური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. „და ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ქანდაკება ხაზს უსვამს სომხურ იდენტობასა და ევროპულ იდენტობას შორის მნიშვნელოვან კავშირს. მე მჯერა, რომ მეტყველება, ცოდნა, ტექსტი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სიმბოლოა, რადგან შეუძლებელია დემოკრატია ტექსტის, კონტაქტების, წერის, გამოსვლების, სიტყვის, კანონების გარეშე“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button