
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთში მომავალ არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი არ აქვს და საგარეო პოლიტიკის საფუძველი დაბალანსებული და დამაბალანსებელი მიდგომაა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დაინტერესებული უცხოური ცენტრები არჩევნებით და შესაძლო ჩარევის შესახებ ჭორები, ფაშინიანმა უპასუხა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და კომენტატორები ცდილობენ არჩევნებს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭონ, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება.
„ამ არჩევნებს საერთოდ არ აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, სომხეთი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს და ისწრაფვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ალტერნატივები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მისმა ერთ-ერთმა რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ სომხეთის თანამშრომლობა ევროკავშირთან რუსეთის ინტერესებს აზიანებს. ფაშინიანის თქმით, მან ითხოვა, მოეცა ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
„მე ვუთხარი: „მომიყვანეთ ერთი მაგალითი, სადაც ევროკავშირთან ჩვენმა თანამშრომლობამ რუსეთის ინტერესებს მატერიალური ზიანი მიაყენა. პასუხი დუმილი იყო“, – თქვა მან.
ფაშინიანი ასევე შეეხო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ სომხეთმა თავდაპირველად განაცხადა, რომ არ შეუერთდებოდა სანქციებს, თუმცა არ გადადგამდა ნაბიჯებს, რამაც ქვეყანა სანქციების სამიზნედ შეიძლება აქციოს. „თუ რუსეთს შეუძლია სანქციების ქვეშ ყოფნა და გაძლება, სომხეთს არ შეუძლია“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.







