გაერო: სომხეთი მდგრადი განვითარების რეიტინგში აზერბაიჯანსა და საქართველოს უსწრებს

გაეროს „მდგრადი განვითარების ანგარიშის — 2026“-ის თანახმად, სომხეთი კავკასიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და გლობალურ რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებს. მას მოსდევს აზერბაიჯანი (52-ე ადგილი) და საქართველო (61-ე ადგილი). ამის შესახებ იტყობინება Eurasianet.org-ი.
გაეროს ანგარიშში სომხეთი აღინიშნა უთანასწორობის შემცირების მიზნის მიღწევაში არსებული წარმატებებისთვის, თუმცა ამავდროულად გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესების გამო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მიზნები, რომელთა მიღწევა თავდაპირველად 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, განსაზღვრულ ვადებში ვერ იქნება მიღწეული.
„შემოთავაზებული მიზნები ზედმეტად ამბიციურია და ვერ იქნება მიღწეული. … თუმცა, მათ სტიმული მისცეს მთავრობებს მოქმედებისკენ და შთააგონეს მასშტაბური და რთული პრობლემების გადაჭრისკენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ მშვიდობა მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.
„მშვიდობის გარეშე სხვა ტრანსფორმაცია შეუძლებელია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
„ომი ანადგურებს ინფრასტრუქტურას, აიძულებს მოსახლეობას, დატოვოს საკუთარი სახლები, გადაამისამართებს რესურსებს, ასუსტებს და ძირს უთხრის იმ ინსტიტუტებს, რომელთა მეშვეობითაც მიიღწევა ტრანსფორმაცია. ის წამლავს პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებზეც უნდა აშენდეს თანამშრომლობა. ომი ანადგურებს მორალურ საფუძველს, რომელზეც მდგრადი განვითარების მიზნებია დაფუძნებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.









