ხელისუფლება წინასაარჩევნო ქრთამის მიცემისთვის სასჯელს ამკაცრებს

აუცილებელია ამომრჩევლისთვის წინასაარჩევნო ქრთამის მიცემისთვის სასჯელის გამკაცრება. ამის შესახებ მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატმა, ვაჰაგნ ალექსანიანმა, 2 ივლისს, ეროვნული კრების რიგგარეშე სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„ამომრჩევლის მოსყიდვის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის“ კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები ალენ სიმონიანი, არუსიაკ ჯულჰაკიანი, ვაჰაგნ ალექსანიანი, ალხას გაზარიანი და თაგუი გაზარიანი (ყველა მმართველი პარტიიდან, „სამოქალაქო კონტრაქტი“).
მთავარი მომხსენებლის, ვაჰაგნ ალექსანიანის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საარჩევნო ქრთამის მიცემის, მიღებისა და შუამავლობისთვის სასჯელის გამკაცრებას, ასევე მკაცრი პროფესიული აკრძალვების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი დანაშაულები.
პარლამენტარის თქმით, მოსყიდვა დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება, რადგან ის ძირს უთხრის მოქალაქეების თავისუფალ გამოხატვას და ამცირებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ.
პროექტის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის მსჯავრდებულ პირებს ჩამოერთმევათ სახელმწიფო, მუნიციპალური, ადმინისტრაციული და დისკრეციული თანამდებობების დაკავების უფლება. „სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობის პირები ასრულებენ საჯარო ხელისუფლების ფუნქციებს. ამიტომ, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს კარგი ქცევის, პატიოსნებისა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი სტანდარტები“, – ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
ამჟამად, წინასაარჩევნო ქრთამის აღებისთვის 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, ხოლო მიცემისთვის – 8 წლამდე. ახლა შემოთავაზებულია, შესაბამისად, 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ვადების დადგენა.







