რუსეთში ჩასულ იმიგრანტებს ტელეფონის შეძენა მოუწევთ

რუსეთში ჩასულ იმიგრანტს მობილური ტელეფონის შეძენა მოუწევს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მდივანმა იგორ ზუბოვმა, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იუწყება RBC.
„ყველას აინტერესებს, რა მოხდება მომავალში, სად მივდივართ. ყველა იმიგრანტს, რომელიც დარეგისტრირდება და აქ ჩამოდის, განსაკუთრებით სამუშაოდ ან დიდი ხნით, ტელეფონის შეძენა მოუწევს. მისი ელექტრონული პროფილი ამ ტელეფონზე იქნება. და ჩვენ გვეცოდინება თითოეული იმიგრანტის ადგილსამყოფელი. ის ვერ შეძლებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას უკონტროლოდ, ადგილმდებარეობის შეცვლას. ეს იქნება საფუძველი“, – განმარტა ზუბოვმა.
ამავდროულად, ტელეფონის არსებობა შესაძლებელს გახდის იმიგრანტის წინასწარ გაფრთხილებას, მაგალითად, დოკუმენტების მოქმედების ვადის გასვლის ან გარკვეულ ადგილას გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.
„და არა მოულოდნელად, როდესაც ადამიანს რაღაც გამორჩა ან არ იცოდა“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.







