გაერთიანებული სამეფო, იაპონია, მალტა – რომელია საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა

BPN.ge წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მე-2 კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
„2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ზემოთ ჩამოთვლილი ტოპ-3 ქვეყნის გარდა, 2024 წლის მე2- კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ხვდებიან ასევე:
- აზერბაიჯანი – 23.7 მლნ აშშ დოლარი;
- ჩეხეთი – 20.9 მლნ აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები – 20.5 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ – 18.9 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი – 13.8 მლნ აშშ დოლარი;
- ავსტრია – 12.5 მლნ აშშ დოლარი;
- ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) – 11.6 მლნ აშშ დოლარი.







