პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის ორ ყოფილ დეპუტატს ქრთამის სანაცვლოდ აზერბაიჯანის დახმარებაში ედება ბრალი

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (ქდკ/ქსკ) კონსერვატიული ბლოკის ყოფილ დეპუტატებს აქსელ ფიშერსა და ედუარდ ლინტნერს „აზერბაიჯანის საქმეზე“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მოსყიდვის მიზნით ქრთამის აღება ედებათ ბრალად.

გერმანიის ბუნდესტაგის ორი ყოფილი დეპუტატი მიუნხენის უმაღლეს რაიონულ სასამართლოში ე.წ. „აზერბაიჯანის საქმესთან“ დაკავშირებული ქრთამის აღების ბრალდებით წარდგება, DW-ს გადმოცემით, 13 დეკემბერსგანაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა. გაზეთი Münchner Merkur -ი მის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი 16 იანვარს უნდა დაიწყოს.

აქსელ ფიშერს ბრალად ედება ქრთამის აღება, ედუარდ ლინტნერს – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებზე  გავლენის მოსახდენად  არჩეული თანამდებობის პირების მოსყიდვა. ორივე ეჭვმიტანილი ბრალს უარყოფს.

გამოძიების თანახმად, ლინტნერმა 2016 წელს რამდენიმე მილიონი ევრო მიიღო 19 ყალბი კომპანიის მეშვეობით. გამომძიებლები თვლიან, რომ მან ამ თანხის ნაწილი ასამბლეის სხვა დეპუტატებს გადაურიცხა, რომლებსაც უნდა მოეხდინათ გავლენა მისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაზე.

ფიშერი აზერბაიჯანის სასარგებლოდ სიტყვითაც გამოვიდა და საიდუმლო დოკუმენტები გაუგზავნა. სამაგიეროდ, 2016 წელს მან 21 800 ევროს ქრთამი მიიღო.

ედუარდ ლინტნერმა სააგენტო dpa-სთვის მიცემულ კომენტარში ქრთამის აღებაში თავის ბრალდებას „სრული სისულელე“ უწოდა. ლინტნერის თქმით, საპარლამენტო ვადის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ლობისტად მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარების მიზნით, რაც “მართალია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით”. ამისთვის ბაქომ თავის კომპანიებს გადაუხადა, მაგრამ, ლინტნერის თქმით, სხვა დეპუტატებს ფული არ გადაურიცხა.

dpa-სთან საუბარში აქსელ ფიშერმა ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები “არ შეესაბამება სიმართლეს” და დასძინა, რომ “მოხარულია, რომ სამი წლის შემდეგ პროკურატურამ საბოლოოდ წარადგინა თავისი დოკუმენტები სასამართლოში და უთხრა” თუ რაში დებენ ბრალს.

ნახეთ მეტი
Back to top button