ანალიტიკამთავარი

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ კარგი ინიციატივაა, მაგრამ მის განხორციელების გზაზე სერიოზული დაბრკოლებები არსებობს. პოლიტოლოგის ანალიზი

სამხრეთ კავკასიის რეგიონი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აქტიური სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს, აშკარაა, რომ რეგიონში იკვეთება რიგი რეგიონალური და არარეგიონალური ძალების ინტერესები, რომელთაგან თითოეული ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას.

Armenpress-თან საუბარში აღნიშნული მოსაზრება გამოთქვა პოლიტოლოგმა არმენ ვარდანიანმა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და ამ კონტექსტში სომხეთის მიერ წამოყენებული „მშვიდობის გზაჯვარედინი“-ს პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხს შეეხო.

„ამჟამად ყველაზე დრამატული მოვლენები ხდება საქართველოში, სადაც პროტესტები არ წყდება. ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან დასავლეთი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. როგორც ჩანს, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ისედაც მძიმედ გაუარესებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს. სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ეტაპზე მშვიდად არიან, მაგრამ ეს შესაძლოა დროებითი იყოს. 2025 წელს შესაძლებელია სიტუაციის გამწვავება“, – განაცხადა ვარდანიანმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ სომხეთის განვითარების პერსპექტივები და ბედისწერა დიდწილად არის დამოკიდებული მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამაში სიმართლის კომპონენტი არსებობს.

„თუ სომხეთს მომავალში სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპისკენ სვლა, ჩვენთვის სასურველია, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც იმავე მიმართულებით იმოქმედოს და პროევროპული იყოს. მაგრამ თუ ისინი გაწყვეტენ კავშირებს დასავლეთთან, სომხეთის ევროპული მომავალი ბუნდოვანი გახდება“, – დასძინა ვარდანიანმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, 2025 წელს ძნელად თუ გაფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან 2021 წლიდან, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში შევიდა, აშკარა გახდა, რომ შეთანხმების გაფორმების საკითხში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს. ვარდანიანის თქმით, ამის ორი მიზეზი არსებობს: პირველი ის, რომ აზერბაიჯანი რუსეთს დაპირდა, რომ არ მოაწერს ხელს არც ერთ დოკუმენტს, განსაკუთრებით დასავლეთის შუამდგომლობის ქვეშ, ხოლო მეორე მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანი სომხეთს სუსტ მხარედ მიიჩნევს და ცდილობს, მისგან გარკვეული დათმობები მიიღოს.

ოფიციალური ერევნის მიერ წამოყენებულ „მშვიდობის გზაჯვარედინი“-ს ინიციატივასთან დაკავშირებით ვარდანიანმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისი არსით კარგი ინიციატივაა, მისი განხორციელების გზაზე სერიოზული დაბრკოლებები არსებობს.

„თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთისგან ითხოვენ დერეფანს თავიანთი პირობებით, რუსეთი კი თავის მხრივ ცდილობს ამ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესებას. ეს ყველაფერი არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. შექმნილ ვითარებაში სომხურმა მხარემ აქტიურად უნდა იმუშაოს მოკავშირეებთან, რათა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოების დონე. ჩვენი მთავარი ამოცანაა სამხედრო ბალანსის აღდგენა. რადგან ეს ბალანსი დარღვეულია, სწორედ ამიტომ ალიევი იჩენს ასეთ გადამეტებულ დამოკიდებულებას. თუ ბალანსი აღდგება, აზერბაიჯანის ლიდერი შეამცირებს თავის განცხადებების რიტორიკას და სანამ კვლავ ისაუბრებს, კარგად დაფიქრდება“, – დაასრულა ვარდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button