ეკონომიკა

ბათუმის აეროპორტში კიდევ ერთი ტერმინალი აშენდება

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ ბათუმის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა, იუწყება საქართველოს მთავრობის ვებგვერდი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1,2 მლნ მგზავრს მოემსახურება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ აეროპორტი განსაკუთრებულ შემთხვევაში წელიწადში 1,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

მინისტრის განცხადებით, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრობის კომფორტის ხარისხს.

„მას შემდეგ, რაც დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა, საქართველოში კვლავ გაგრძელდება ტურიზმის განვითარება და ტურისტების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და აღნიშნული პროექტი არის იმ ოპტიმისტური ხედვის ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად, სრულად იზიარებს აეროპორტის მენეჯმენტ-კომპანია, ჩვენ კი ამ პროცესს ხელს ვუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რეკონსტრუქციას აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ – ჯორჯია“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს – 30 მეტრით, გაფრენის კი – 42 მეტრით.

ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ 14 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

2020 წლის პირველ კვარტალში ბათუმის აეროპორტი დაახლოებით 47,6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველომ 21 მარტიდან ყველა მიმართულებით მთლიანად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახსნას, ხოლო 31 ივლისიდან საზღვრები გარკვეული კატეგორიის საერთაშორისო ტურისტებს გაუხსნას. კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის კი საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის.

ნახეთ მეტი
Back to top button