მთავარისაერთაშორისო

გადაკეთდება თუ არა აია სოფია მეჩეთად – სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება

აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, სახელმწიფო საბჭომ საქმის მოსმენა დაასრულა და წერილობით განაჩენს 15 დღეში გაასაჯაროებს.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ადგილობრივი ასოციაცია პეტიციის საფუძველზე ითხოვს. სასამართლომ ადვოკატების არგუმენტები უკვე მოისმინა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 1934 წელს, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია სოფია მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთდა, კერძო საკუთრების კანონის დარღვევა იყო და უნდა გაუქმდეს.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააჟღერა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომემ თქვა, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ქრისტიანების იმედგაცრუებას გამოიწვევს. თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია სოფიას ამჟამინდელი სტატუსი ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლოა.

აია სოფია წარმოადგენს ბიზანტიური “ოქროს საუკუნის” სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად “მსოფლიო მემკვიდრეობის” ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

ნახეთ მეტი
Back to top button