ეკონომიკა

ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში

,,სპუტნიკი საქართველო“ წერს, რომ პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

კერძოდ, ოქროს მედლები მიიღეს ღვინოებმა: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018″ და მარანი „დიმნა” (იმერეთი) – „ძელშავი 2017″; ღვინომ “ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018” ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინოების სპეციალური ჯილდო.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი) – 2019″, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019″ და „ლაპატი ვაინსი”, „კიდევ ერთი პეტ ნატი” (ქართლი) – 2016″.

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა”, – აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა, ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა.

კონკურსზე ქართული ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია Malinova-მ წარადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button