კულტურამთავარი

ძველი თბილისის მომღერალი

,,არმენპრესი“ წერს, რომ ასე უწოდა ვაღარშაკ ელიბეკიანს ლადო გუდიაშვილმა, ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, სსრკ-ს სახალხო არტისტმა, სოციალისტური შრომის გმირმა (აღვნიშნოთ, რომ ლადო გუდიაშვილი არის ქართველების მარტიროს სარიანი). გაეცნო რა ელიბეკიანის ნამუშევრებს, მან თქვა: ”მხატვრის მრავალფეროვანი ნახატები – მინიატურები არის  სევდიანი მოგონება, ძველი, წარსული თბილისის შესახებ. ეს ნახატები შექმნილია მკვიდრი თბილისელის სიყვარულით, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში აღადგენენ ჩვენი ბავშვობისა და სიყრმის ქალაქს”.

ვაღარშაკ ელიბეკიანი იყო ფენომენი სომხური მხატვრობის ისტორიაში. ხატვის უნარი მასში  დაბადებიდან იშვა. მან დაამთავრა თბილისის კულტურული ცენტრის “ჰაიარტუნის” ფერწერის სტუდია ცნობილი მხატვრის გიგო შარბაბჩიანის ხელმძღვანელობით. მაგრამ ბედმა მისთვის სხვა რამ გაითვალისწინა. ვაღარშაკ ელიბეკიანი, ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში, დაინიშნა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორად. იგი სიამოვნებით ეთანხმება, იმედოვნებს, რომ იგი გააგრძელებს მხატვრობას თეატრში. მაგრამ დირექტორის საქმე მისგან იმდენ დროს მოითხოვდა, რომ მას დრო არ რჩებოდა არა მხოლოდ ხატვისთვის, არამედ ოჯახზე საზრუნავადაც. შედეგად, მასში ხატვა “იძინებს”. მაგრამ, საბედნიეროდ, არც ისე ღრმად, რადგან თეატრში მუშაობის დროს (რამდენიმე წლის შემდეგ ელიბეკიანი დაინიშნა სტეფან შაჰუმიანის დრამატული თეატრის დირექტორად), ვაღარშაკ ელიბეკიანმა გააფორმა ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი, ყოველი ახალი პრემიერის შემდეგ, როგორც კოლეგები, ასევე კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ვაღარშაკ ელიბეკიანის მოწოდება, რომელიც ზემოდან არის მოცემული, მხატვრობაა. ის მხოლოდ 1974 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, შეუდგა ხატვას. ძალზე რთულია შინაგანი სამყაროს გვიანი გაღვიძების ახსნა მაშინ, როდესაც მას თეატრალურ ასპარეზზე უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი ბიოგრაფია.

და ვაღარშაკ ელიბეკიანმა  დაიწყო ხატვა. საბაბი წარმოუდგენლად პრიმიტიული იყო… უსაქმურობა. მისი მეუღლე, ფლორა ერვანდოვნა, ერთი კვირით  ერევანში გაემგზავრა, სადაც უკვე ცხოვრობდნენ მათი მხატვარი ვაჟები და ქალიშვილი, ლუიზა. ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში 20 საათს მუშაობდა, უსაქმურობისგან ადგილს ვერ პოულობდა. მას არ შეეძლო დროის უბრალოდ “მოკვლა”. ამიტომ ერთ დღეს წავიდა სამხატვრო მაღაზიაში, იყიდა საღებავები და ფუნჯები, მუყაო. მოკლედ, ყველაფერი, რაც ხატვას სჭირდებოდა. და სანამ მისი მეუღლე დაბრუნდებოდა, მან უკვე დახატა 4-5 ტილო. ცოტაა იმის თქმა, რომ დახატა. მან უბრალოდ ტილოზე დააბრუნა თავისი ბავშვობის ქალაქი, ძველი თბილისი, თავისი ვიწრო ქუჩებით, ფერადი დუქნებით და, რა თქმა უნდა, კინტოებით.

როდესაც ფლორა ერვანდოვნა შინ დაბრუნდა, ვაღარშაკმა მას აჩვენა თავისი “უსაქმური დროის სათამაშოები”, თხოვნით წინასწარ არ ეთქვა ვინმესთვის მისი “გარდასახვის” შესახებ. მეუღლე დაჰპირდა. მაგრამ როდესაც დაინახა ქმარმა რა დახატა, მან დაივიწყა მისი “დაპირება”. მეორე დღეს, როდესაც მისი მეუღლე რაღაც საქმეზე სახლიდან გავიდა, ,,სიტყვის გამტეხმა“ ქალბატონმა ფლორამ, დარეკა ერევანში და ყველაფერი მოუყვა ჰენრის. მეორე დღეს, დილით ჰენრი უკვე თბილისში იყო და …… მან ვერ შეძლო აღფრთოვანების დამალვა. მხატვრის შვილის შეფასებამ ალბათ წინასწარ განსაზღვრა ვაღარშაკ ელიბეკიანის-მხატვრის მომავალი.

მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი იყო ფლორა ერვანდოვნა. იგი მთელი ცხოვრება ასე დარჩა. ეს კეთილი ქალი იყო ანგელოზი არა მხოლოდ მისი ქმრის, არამედ უკვე წარმატებული მხატვარის შვილებისთვისაც, რომლებიც დიდი სერიოზულობით იღებდნენ დედის შენიშვნებს.

და ასე რომ, ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ვაღარშაკ ელიბეკიანში გაიღვიძა მხატვარმა, გაიღვიძა მაშინ, როდესაც თეატრალურ ასპარეზზე მას უკვე დიდი ხანია  გამოჭედილი ჰქონდა თავისი მუდმივი “ბიოგრაფია”.

და ელიბეკიანმა დაიწყო ხატვა, თავისი ბავშვობის შექმნა. ძველი თბილისი მისი მთავარი თემაა. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისი იყო მრავალეროვნული ქალაქი, ელიბეკიანის ბავშვობის თბილისი ძალიან სომხურია, დიახ, ზუსტად სომხური. იგი ხატავს საქართველოს დედაქალაქს, როგორც ეს ბავშვობაში და მოზრდილ ასაკში დაინახა. მხატვარმა ძნელი საქმე დაიწყო. თბილისი დღეს ხომ თანამედროვე დიდი ქალაქია, ვრცელი გამზირებით, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით და ცათამბჯენით. და მას უნდა “აეხადა” ამ ქალაქის ფარდა, და დაენახა ძველი, თავისი ბავშვობის  ქალაქი. მან შეძლო თავისი ამოცანის ამოხსნა.

მისი ნახატების გამოყენება დღეს შეიძლება ძველი თბილისის განსასჯელად, ქალაქის, რომელიც ბევრის გულთანაა ახლოს. და ეს არ იყო ადვილი ამოცანა. მე -20 საუკუნეში აქ დაიბადნენ და როგორც მხატვრები შედგნენ ერვანდ კოჩარი, გევორგ იაკულოვი, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქიანი, გევორგ გრიგორიანი (ჯოტო), ჰოვსეფ კარალიანი. მათ გვერდით კი ისინი იწყებენ ვაღარშაკ ელიბეკიანის ხსენებას, რომელიც დაიბადა იმავე მიწა-წყალზე, და სამართლიანად დაიკავა თავისი განსაკუთრებული ადგილი თბილისელი სომეხი მხატვრების ამ კლასში.

ვაღარშაკ ელიბეკიანის შესვლა სომხურ სახვით ხელოვნებაში  დიდებული იყო. ორი წლის შემდეგ, 1976 წელს, მან გამართა ორი პერსონალური გამოფენა ერევანში და ერთი თბილისში. სწორედ მაშინ დაარქვა ლადო გუდიაშვილმა ვაღარშაკ ელიბეკიანს “ძველი თბილისის მომღერალი”. ვაღარშაკ ელიბეკიანის ფერწერაში შესვლით სრული გახდა ელიბეკიანების ფერწერული ოჯახი. დიახ სწორედ ასეა. ჩვეულებრივ ოჯახს საფუძველს უყრის მშობელი. ელიბეკიანების შემთხვევაში, მოხდა საპირისპირო, რადგან ვაღარაშაკის ვაჟები, ჰენრი და რობერტი, უკვე ცნობილი მხატვრები იყვნენ. მალე სამი ელიბეკიანის ერთობლივი გამოფენა მოეწყო სხვადასხვა ქალაქში – ვილნიუსში, მოსკოვში, ვისბადენში. მოგვიანებით, ვაღარშაკ ელიბეკიანის ნამუშევრები გამოიფინა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიასა და სხვაგან.

ჩვენი ამბავი ვაღარშაკ ელიბეკიანის შესახებ არასრული იქნებოდა, თუ არ ვიტყოდით, რომ დღეს ჰენრი და რობერტის ვაჟები ვაღარშაკ უმცროსი, არეგ და ერვანდი თავიანთი ბაბუის და მამების გვერდით დგანან.


ვაღარშაკ ელიბეკიანისა და მისი ვაჟების ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ არასდროს მომხდარა, რომ მხატვრების ამ ოჯახის სამი თაობის ნამუშევრები გამოფენილიყო ერთ ადგილას, ერთ ჭერქვეშ. ეს ხარვეზი ერთი წლის წინ შეივსო, როდესაც ასეთი გამოფენა მოეწყო გაეროს სომხეთის ოფისში, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში ფენომენი გახდა და სიხარული მოუტანა ათასობით ხელოვნების მოყვარულს.


2020 წლის 10 აგვისტოს, ვაღარშაკ ელიბეკიანს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. ნება მომეცით ჩემი ეს პატარა მონაყოლი იყოს ჩემი პატივისცემა დიდი თბილისელის, სომხური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მიმართ, ადამიანის, რომელსაც ვიცნობდი და მიყვარდა ბავშვობიდან.
ლევონ აზროიანი

ნახეთ მეტი
Back to top button