ეკონომიკამთავარი

„ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზრდება:  ვაჰან ქერობიანი

20 ივნისს რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მეორე განბაჟების ზონის გახსნის შესახებ, რომელიც, ჩვენი შეფასებით, 30%-ით უნდა გაზარდოს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა (დღევანდელი 400-450-ის ნაცვლად, 600-700 დღიურად). ამის შესახებ 23 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

საგუშაგოზე მალფუჭებადი საქონლის პრობლემის შესახებ განხილვების  შემდეგ, სომხეთის ხელისუფლებამ ქართველ კოლეგებს სთხოვა, ყვავილები და თევზი შეეტანათ მალფუჭებადი საქონლის კატეგორიაში,  რათა გადამზიდველებმა შეძლონ  ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან მიახლოება რიგგარეშე. „თუმცა, ჯერ არ არის ინფორმაცია, რომ ცვლილება განხორციელდა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, – განმარტა ქერობიანმა.

მინისტრმა აღიარა, რომ ბოლო პერიოდში ბევრმა ეკონომიკურმა სუბიექტმა განიცადა ზარალი.

„მათთან ვმუშაობთ. თუ ეკონომიკური სუბიექტები შეძლებენ მოგების მიღებას წლის განმავლობაში, მიმდინარე ზარალს შევაფასებთ როგორც ბიზნეს რისკს, ხოლო თუ პრობლემა უფრო ღრმა იქნება, შევიმუშავებთ მხარდაჭერის პროგრამებს. ეს რისკები უკვე 30 წელია არსებობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ აღმოსაფხვრელად და გარე სამყაროსთან ლოგისტიკური კავშირების დონის ამაღლებისთვის“, – დასძინა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button