საერთაშორისო

გაკოტრებული ბანკების მოუკითხავი დეპოზიტები ბიუჯეტში გადაირიცხება – ახალი კანონპროექტი

გაკოტრებული ბანკების მოუკითხავი დეპოზიტები ბიუჯეტში გადაირიცხება. როგორც bm.ge წერს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში არის საუბარი.

ეს ჩანაწერი შედის ბანკების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. მის გარდა, წარდგენილი კანონპროექტი კიდევ ასობით სხვა ცვლილებასაც მოიცავს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღეს ამ ცვლილებებს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ და ერთ-ერთი ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ ნორმასთან დაკავშირებით დაისვა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბუნდოვანია, თუ რატომ უნდა გადაიქცეს კერძო საკუთრებაში არსებული თანხა სახელმწიფო საკუთრებად.

“სახელმწიფოს რატომ წარმოეშვება მოთხოვნის უფლება ამ ქონებაზე? თუნდაც იგივე კომერციულ ბანკს რატომ არ რჩება ეს ქონება? მაშინ როდესაც დეპონირების წესი განსხვავებულია სავალო ურთიერთობებში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი კი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, კანონპროექტში ცვლილება შევიდეს და მკაფიოდ განისაზღვროს რომ სებ-ს აქვს მკაფიო ვალდებულება, რომ ამ თანხების მათ მფლობელებთან დაბრუნებისთვის მაქსიმუმი გაკეთდეს.

“ხომ არ სჯობს ეროვნულ ბანკში გაიწეროს, რომ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას, რომ მოძიებული იყოს მფლობელი, ან მფლობელის მემკვიდრე, მანამ სანამ გადავა სახელმწიფო საკუთრებაში,” – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ სებ-ი კანონპროექტში ამ მიმართულებიც ცვლილებებს შეიტანს და ანგარიშების მფლობელებთან კომუნიკაციის პუნქტებს განსაზღვრავს.

“ამ საკითხს განვიხილავთ და თუ შესაძლებელია დავამატებთ ჩანაწერს; რომ ავხსნათ პროცედურა, როდესაც ბანკი გადის ლიკვიდაციაში, მას ჰყავს თავისი ლიკვიდატორი, რომლის ვალდებულებაცაა მოიძიოს აქტივების მფლობელები და გაანულოს ბალანსი. თუკი ლიკვიდატორმა ვერ გაანულა ეს ბალანსი, მაშინ ლიკვიდატორმა უნდა ახსნას, რომ კონკრეტულ პირებს მიწერა, მოძებნა, დაუკავშირდა, მაგრამ არ მოდის. შეიძლება არის შემთხვევა, რომ თეთრები არის დარჩენილი ანგარიშზე და მის დეპოზიტარს არ უღირს, რომ იქ მივიდეს. უკვე ეს თანხა რაც დარჩება, მას შემდეგ, რაც მან ვერ მოიძია მერე უკვე გადმოდის ეროვნულ ბანკში. თუ მომავალში გამოჩნდა დეპოზიტარი ან პირი ვისაც აქვს ეჭვი, რომ იმ კომერციულ ბანკში ჰქონდა თანხა, შემდეგ ის უკვე მომართავს ეროვნულ ბანკს და ჩვენ ამაზე ცნობას ვიძლევით. გვაქვს არქივი, სადაც სალიკვიდაციო არქივს ვინახავთ და ვიძლევით. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, რომ ხდება სებ-ის მიერ მსგავსი თანხების ანაზღაურება,” – განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

შესაბამისად, ამ კანონპროექტით სამოქმედო სქემა ასეთია – ბანკი შედის გადახდისუუნარობის მდგომარეობაში, ბანკში ინიშნება ლიკვიდატორი დეპოზიტართა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ლიკვიდატორი აკმაყოფილებს დეპოზიტართა ვალდებულებებს, თუმცა შესაძლოა, ყველა პირის დაკმაყოფილება ვერ მოხდეს. აღნიშნული მდგომარეობით, ბანკის აქტივებს ლიკვიდატორი გადასცემს სებ-ს, რომელიც ასევე აგრძელებს მოძიების პროცესს, თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგ მოუკითხავი ანგარიშები გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია და კონკრეტული ბანკების გაკოტრების პროცესი არ მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button