
სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეიარაღების კონტროლის შეთანხმების ხელმოწერას სთავაზობს. ამის შესახებ მან განაცხადა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე.
,,სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანი მიაღწევენ კონკრეტულ შეთანხმებებს იარაღთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ ერთმანეთს ამ შეთანხმებების შესასრულებლად“, – განაცხადა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო იმ საკითხს, რომ აზერბაიჯანი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ჯარის გაძლიერება სურს, მეორე მხრივ, ჩივის, რომ სომხეთი იარაღს ყიდულობს საფრანგეთისგან და ინდოეთისგან.
„ანუ, რა ლოგიკაა? რომ სრ არ უნდა ჰყავდეს ჯარი? თუ ეს ასე აღიქმება, მაშინ სომხეთის არსებობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ჯარის ყოლის უფლება. ამიტომაც ვამბობთ: დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომ ომის შესაძლებლობა არ იყოს. ხანდახან, აზერბაიჯანის წინადადებების გაცნობისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მცდელობაა ჰქონდეს დოკუმენტი, რომლითაც მომავალი ომები უნდა იყოს ლეგიტიმირებული. ეს სცილდება ლოგიკას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი, სულ მცირე, აქამდე სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე საუბრობენ.
„ეს არ უნდა უარვყოთ, რადგან როგორც სრ-ში, ისე აზერბაიჯანში არიან და იქნებიან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი მშვიდობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების ლიდერების პოზიციები და მათ მიერ გამოყენებული სიტყვები. მთავარია ის, რაც ისმის უმაღლესი დონიდან, ეს აჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელები ვართ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. დიახ, ბევრი სირთულეები იქნება, მაგრამ საკითხავია, მივდივართ თუ არა ამ სირთულეების გადაჭრის გზით? ყოველ შემთხვევაში მე ამ გზით მივდივარ და იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანის ლიდერიც ამ გზით წავა“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მზადყოფნა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის. 2022 წლის მარტში ბაქომ ერევანს გადასცა თავისი 5-პუნქტიანი წინადადება ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. სომხურმა მხარემ შესწორებები დაამატა და თავისი ვერსია გაუგზავნა. მას შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა სხვადასხვა დონეზე. 4 ოქტომბერს სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებობს სამი პრინციპი, რომლებზედაც სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.







