პოლიტიკა

რამდენად გათვალისწინებულია დიასპორელი სომხების მოსაზრებები საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას? განმარტავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი   არარატ მირზოიანი   შეეხო  საკითხს, თუ რამდენად ითვალისწინებს სომხეთის ხელისუფლება დიასპორის სომხების მოსაზრებებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას.

„არმენპრეს“-ის ცნობით, არარატ მირზოიანი  ამ თემას შეეხო საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, მოდერატორის შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

 „დიახ, ჩვენ გვყავს დიდი სომხური დიასპორა, დიახ, ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ისინი ჩვენი თანამემამულეები არიან, მაგრამ ყველამ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი შეხედულებები შეიძლება პირდაპირ არ ემთხვეოდეს სხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხების მოსაზრებებს. მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში მცხოვრები სომხების ინტერესები და საზრუნავი შეიძლება ემთხვეოდეს რუსეთში მცხოვრები სომხების ინტერესებსა და საზრუნავს. და კიდევ ერთი რამ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია: არ ვარ დარწმუნებული, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები სომხების ინტერესები და საჭიროებები შეიძლება ემთხვეოდეს სომხეთში მცხოვრები სომხების ინტერესებსა და საჭიროებებს.

ჩვენ ძალიან გულწრფელად ვსაუბრობთ, გულწრფელად ვიტყვი: უნდა გვესმოდეს, რომ დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი სომეხთა გენოციდს გადარჩენილთა შთამომავლები არიან, მათ მოუწიათ გაქცევა, თავშესაფრის ძებნა, არსებობის უზრუნველყოფა ამ ადგილებიდან შორს, ამიტომ დიასპორის ბევრ სომეხს სურს ნახოს დიდი სომხეთი, ისტორიული სომხეთი, სომხეთი, რომელსაც დიდებული და მდიდარი წარსული ჰქონდა, მაგრამ დღეს ეს ოცნებაა, ეს არ არის ნამდვილი სომხეთი. ჩვენ დღეს ამ კონკრეტულ რეგიონში ვცხოვრობთ, ამ კონკრეტულ მეზობლებთან ერთად და არ გვინდა, რომ შემდეგი ათწლეული, საუკუნეები   ათასწლეულების  განმავლობაში ჩვენს მეზობლებთან ვიომოთ, ბრძოლის ველზე დიდი  მსხვერპლი გავიღოთ, იმ გაგებით, რომ ზოგიერთი კონფლიქტის გამო დატოვებს სომხეთს და სხვა ქვეყნებში იპოვის გამოსავალს“, – განმარტა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სომხეთში მცხოვრები სომხების შეხედულებები და საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხების მოსაზრებებისგან. მირზოიანის თქმით, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ღრმად უნდა იქნას განხილული და გააზრებული, ასევე უნდა მოიძებნოს გადაწყვეტილებები.

 „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსავალი არსებობს. დიასპორის სომხებისგან სულ უფრო მეტ სიგნალს ვხედავ, რომ ისინი იწყებენ იმის გაგებას, თუ რა სჭირდება რეალურ სომხეთს, დიასპორისგან უფრო მეტი მხარდაჭერის ხმას ვისმენთ“, – დაასკვნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button