მთავარიპოლიტიკა

სომეხი ტყვეები წამების შემდეგ მოკლეს  –   ომბუდსმენი მიმართავს საერთაშორისო სტრუქტურებს

სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტაზე  მოწმობს სოციალური ქსელის აზერბაიჯანულ დომენში გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო. ამის შესახებ სომხეთის  უფლებადამცველის ქრისტინე გრიგორიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია უიარაღო სომეხი სამხედრო ტყვეების წამების კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს  ამ სამხედრო ტყვეების მკვლელობის ფაქტს. ამჯერად აზერბაიჯანელი სამხედროები ომის დანაშაულის ფაქტს ვიდეოზე აღბეჭდავენ.  დამცველის აპარატმა  ადგილი დააფიქსირა, ვადასტურებთ, რომ ვიდეოს მოვლენები 13 სექტემბერს სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის დროს მოხდა“, – განაცხადა გრიგორიანმა.

მისი თქმით, ვიდეოში ასახული სომეხი სამხედრო ტყვეების იდენტიფიცირება მოხდა. ამ ფაქტებს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებს მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს რეპატრირებულ სომეხი სამხედრო ტყვეების ჩვენებებიც.

„აღნიშნული ფაქტები დეტალურად არის დოკუმენტირებული და გადაეგზავნება საერთაშორისო სპეციალიზებულ ორგანიზაციებს და აქტორებს“, – აღნიშნა გრიგორიანმა.

დამცველმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები კვლავ უპასუხოდ რჩება და დაუსჯელობა მათ ახალ  და უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. მისი თქმით, ეს ქმედებები მკაფიოდ უნდა იქნეს დაგმობილი კომპეტენტური საერთაშორისო აქტორების მიერ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო თანმიმდევრულად უნდა მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სათანადო გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების და ორგანიზატორების მედლებით დაჯილდოების  ნაცვლად დასჯა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ვიდეოში ჩანს, აზერბაიჯანელი სამხედროები განზრახ უზიანებენ ტყვეებს ფეხებს  და აიძულებენ ფეხზე წამოდგომას.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბრის დილით აზერბაიჯანის ტელეგრამის არხებზე მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ ესვრიან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ ტყვეებს. სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა მკაფიო შეფასება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ და წინა პერიოდში ჩადენილი უხეში სამხედრო დანაშაულების შესახებ.

ტყვეთა ინტერესების წარმომადგენლის, საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის პრეზიდენტის, სირანუშ საჰაკიანის თქმით, არსებობს ნათელი მტკიცებულება, რომ სომეხი ტყვეების დახვრეტაში მონაწილეობდა “კომანდოს” დანაყოფი, რომელსაც თურქი მეთაურები ამზადებენ.

სროლა იშხანასარში მოხდა. დახვრეტილი ორი ჯარისკაცი უკვე იდენტიფიცირებულია. ვიდეოში ჩანს, რომ პოზიციაზე 9 სამხედრო მოსამსახურე იყო, მათგან 4 დახვრიტეს. თუმცა, ვიდეოში სხვა სომეხი ტყვეებიც  არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button