ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთისა და ჩემი მეგობრის ნიკოლ ფაშინიანის გვერდში დგომას – ემანუელ მაკრონი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გააგრძელებს სომხეთისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გვერდით დგომას.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, მაკრონის გამოსვლის ძირითადი ნაწილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა, თუმცა საფრანგეთის ლიდერმა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„რამდენიმე დღეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის წლისთავი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, შეგვიძლია შევაჯამოთ ეს წელი და გავიზიაროთ გარკვეული პერსპექტივები. ბუნებრივია, ჩემი გამოსვლის არსი იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ არ გვავიწყდება კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში მიმდინარე ომები, ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული უსაფრთხოება და სხვა საკითხები.
დღეს ჩვენი ამოცანაა ავუხსნათ, განვაცხადოთ, რომ რუსეთი არის ძალა, რომელიც ავრცელებს არასტაბილურობას და ქაოსს, რასაც ის აკეთებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, “ვაგნერის” ჯგუფის ჩართვით.
როგორ დავიჯეროთ, რომ კავკასიის გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია ნეოკოლონიალური რუსეთის მიერ, რომელიც ცოტა ხნის წინ აღვწერე? ამას ვამბობ ჩემი მეგობრის, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანდასწრებით, რომელთანაც ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას და გავაგრძელებთ მოქმედებას“, – განაცხადა მაკრონმა.







