უფრო მეტად სომეხი ტურისტები სტუმრობენ საქართველოს, ვიდრე ქართველები სომხეთს

ტურისტული ნაკადი სომხეთიდან საქართველოში უფრო დიდია, ვიდრე საპირისპირო მიმართულებით. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს რესპუბლიკაში საქართველო ტურისტული თვალსაზრისით უფრო რეკლამირებულია.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ერევანში გამართულ სომხურ-ქართულ ტურისტულ ბიზნეს-ფორუმზე, ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა.
მისი დაკვირვებით, მეზობელი ხალხები დღეს განსაკუთრებით არ იცნობენ ერთმანეთის ისტორიას და კულტურას, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს ტურისტთა ორმხრივ ვიზიტებს. თუმცა, მეხაკ აპრესიანის თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის ტურისტული ვიზიტების სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია. 2023 წელს სომხეთში ჩამოსული ტურისტების დაახლოებით 14 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო. ეს არის მეორე მაჩვენებელი სტატისტიკის ზოგად სურათში.
„უცნაურია, რომ ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სომხეთის მაქსიმალურად რეკლამირება. იმავდროულად, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და შეთავაზებები სომხეთში უკეთ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სომხეთიდან უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. ტურიზმს არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, ამ სექტორის სოციალური და კულტურული როლიც დიდია. ეს არის კულტურათაშორისი დიალოგის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დიდად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებასა და განვითარებას“, – განაცხადა მეჰაკ აპრესიანმა.







