სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააკაშვილს ასევე 3 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის გამოთვლა დაიწყება ამ განაჩენის გამოტანის დღიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, ხოლო სასჯელის გამოთვლაში ჩაირთვება პატიმრობის ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე“, – განაცხადა მოსამართლემ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის პირდაპირ დაქვემდებარებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურში ასიგნებები გაატარა საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენების ფაქტების გასაიდუმლოების მიზნით.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა.







