„ჩვენ არ ვეთანხმებით მეზობელ ქვეყნებს შორის საზღვრების ცვლილებას – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„ირანი და სომხეთი მეზობლები არიან და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ყველა მეზობელთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობების გაფართოება“. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჯიდ ტახტ რავანჩიმ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთი მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ირანსა და სომხეთს შორის არის ისტორიული და კულტურული მსგავსება. სომხებს, მოგეხსენებათ, კარგი ურთიერთობა აქვთ ირანში მცხოვრებ სომხებთან, ამიტომ ბევრი რამ გვაქვს საერთო და უნდა ვეცადოთ გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში. როგორც მეზობლები, ჩვენ გვაქვს ორმხრივი სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები და ოფიციალური პირების კონტაქტებიც კარგ დონეზეა“, – თქვა მან.
მაჯიდ ტახტ რავანჩიმ აღნიშნა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ ერევანში იმყოფებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორი ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს ურთიერთობების გასაფართოებლად.
კითხვაზე, რა არის ირანის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და წითელი ხაზები სამხრეთ კავკასიაში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა:
„ჩვენ გვსურს გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გვაქვს გარკვეული პრინციპები ყველა ქვეყანასთან, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაში. ირანისთვის პრიორიტეტია თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. ჩვენ არ ვეთანხმებით მეზობელ ქვეყნებს შორის საზღვრების ცვლილებას. ამიტომ, თუ ეს პრინციპები შენარჩუნებულია, ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია კარგი ურთიერთობა გვქონდეს ყველა მეზობელთან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ეს აუცილებელია ნებისმიერ ორ მეზობელს შორის პოზიტიური ურთიერთობისთვის“.-აღნშნა რავანჩიმ.







