პოლიტიკა

სომეხი პატიმრების თავისუფლება ტრამპისთვის სამშვიდობო ხელშეკრულების მხარდაჭერის წინაპირობა უნდა იყოს  –   რუბენ ვარდანიანის ადვოკატი

არცახის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ადამიანის უფლებათა აქტივისტის, რუბენ ვარდანიანის საერთაშორისო ადვოკატი ჯარედ გენსერი,  მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირება,  ჩაერიოს სომეხ ქრისტიანთა საკითხში,  რადგანაც  აზერბაიჯანთან უკვე შეთანხმებული  სამშვიდობო ხელშეკრულება   სომეხი პატიმრების  საკითხს ჩიხში ტოვებს.  

ამის შესახებ მან Catholic News Agency-სთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენი მოთხოვნა ადმინისტრაციისადმი ძალიან მარტივი იყო. სომეხი ქრისტიანი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების გარიგება უნდა იყოს წინაპირობა სამშვიდობო შეთანხმების წინსვლისთვის, რაც ადმინისტრაციის პოზიციაა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

გენსერმა თქვა, რომ რუბენ ვარდანიანს, რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია, უარი უთხრეს  ბიბლიის ქონაზე, რაც, მისი თქმით, “მხოლოდ ადასტურებს, რომ მისი და მთიანი ყარაბაღის სხვა ლიდერების დევნა არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თითქოს არიან “სეპარატისტული  რესპუბლიკის წარმომადგენლები“, მათ დევნიან,  რადგან ისინი ქრისტიანები არიან”.

„ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ სომხური ეკლესიები და სომხური კულტურული მემკვიდრეობის სხვა ადგილები მთლიანად განადგურდა ეთნიკური წმენდის შემდეგ“, – დასძინა გენსერმა.

მან აღნიშნა, რომ ვარდანიანს 42 ცალკეული ბრალდება წაუყენეს და მას  სამხედრო ტრიბუნალი ასამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურში არასდროს უმუშავია. გენსერმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის ოქტომბერში თავისი საარჩევნო კამპანიის დროს გამოვიდა დევნილი სომეხი ქრისტიანების მხარდასაჭერად და დაგმო   მთიანი ყარაბაღის „ეთნიკური წმენდა“.

გენსერი ახლა ამბობს, რომ პატიმრების გათავისუფლება „ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია“.

„ჩვენ გვითხრეს, რომ მათი თავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ მხარი დაუჭიროს სამშვიდობო შეთანხმებას. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც ჩვენ ვშიშობთ, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია და არ არის გამოსავალი მთიანი ყარაბაღის ან სომეხი ქრისტიანი ტყვეებისთვის, სამწუხაროდ, ამან შეიძლება  გამოიწვიოს ამ პატიმრების მსხვერპლშეწირვა, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – აღნიშნა მან.

გენსერის თქმით, არც ერთი ეს კრიტიკული საკითხი არ არის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმებაზე ან ორმხრივ დღის წესრიგში, მაგრამ მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ამ მიზნების მისაღწევად.

გენსერმა უარი თქვა დაკონკრეტებაზე, რა კონკრეტული მეთოდებით უნდა განხორციელდეს ზეწოლა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე პატიმრებთან დაკავშირებით.

“დიქტატორები პოლიტპატიმრებს მხოლოდ მაშინ ათავისუფლებენ, როცა იძულებულნი არიან ეს გააკეთონ.  ისინი ამას არასოდეს აკეთებენ კეთილშობილების ან ჰუმანიტარული მოტივით. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დიქტატორი ხედავს, რომ პოლიტპატიმრის ან პოლიტპატიმრების პატიმრობაში დაყოვნება  უფრო ძვირია, ვიდრე გათავისუფლება”, – ამბობს ადვოკატი.

ნახეთ მეტი
Back to top button