თეირანმა ჩაშალა „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის გაყოფას და ირანის ევროპასთან კავშირის გაწყვეტას. ხამენეის მრჩეველი

ირანმა ჩაშალა „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ განაცხადა Khamenei.ir-თან ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ „ისტორიის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამის შემდეგ ირანი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი, დამოუკიდებელი და გავლენიანი“. მისი თქმით, ირანის ავტორიტეტის ერთ-ერთი ნიშანი იყო თეირანის სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება სამხრეთ კავკასიაში არსებულ კრიზისზე. „როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ სცადა ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის დამყარება სომხეთის გავლით „ზანგეზურის დერეფნის“ სახელით, გეგმა, რომელიც რეალურად მიზნად ისახავდა სომხეთის დაშლას და ირანის ევროპასთან კავშირის გაწყვეტას, ირანის ისლამური რესპუბლიკა ამას სიფხიზლითა და ავტორიტეტით დაუპირისპირდა და ეს შეთქმულება ჩაშალა“, – განაცხადა ველაიათიმ. მან დასძინა, რომ „როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, ყველაფერი მზად იყო ამ დერეფნის გასაშვებად, მაგრამ ირანმა მისი განხორციელების უფლება არ მისცა“. „ეს განცხადება აჩვენებს, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ, რუსეთის მხარდაჭერის გარეშეც კი, შეძლო კავკასიის უსაფრთხოების შენარჩუნება გონივრული პოლიტიკით და ნატოს გავლენის თავიდან აცილება რეგიონში“, – აღნიშნა ველაიათიმ. მისი თქმით, „ზანგეზურის დერეფნის“ მიზანი არა მხოლოდ ირანის ჩრდილოეთის მიმართულებით მოწყვეტა, არამედ რუსეთის სამხრეთიდან ბლოკირებაც იყო.







